ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია და თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ვერტმფრენები კახეთში ბორჯომის ხეობიდან ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობდნენ. ამ დროისთვის სოფელ შილდის მთებში, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მუშაობს.
ყვარლის მერმა გივი ზაუტაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ დროისთვის კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა, რადგან ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს უკიდია.
„გავრცელების საშიშროება არ არის. შეუჩერებლად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, სატყეო სამსახური და ადგილობრივები. ახლა თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე დანაყოფიც ჩაერთო" - თქვა გივი ზაუტაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში, ალპურ ზონასთან ახლოს ხანძარი 1 სექტემბერს გაჩნდა და ცეცხლის 10-მდე კერაა.
დაწერეთ კომენტარი