Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუჩაში დაგვტოვა - რუსი ოჯახი ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს


ანა ლორიონოვა ოჯახთან ერთად
ანა ლორიონოვა ოჯახთან ერთად

რუსი ოჯახი ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. ოჯახმა ადვოკატების დახმარებით გამოძიების დაწყებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს - პოლიციასა და პროკურატურას უკვე მიმართა. 

2 აგვისტოს სტატიაში "იყენებენ კანონის ნაკლოვანებებს" - როგორ რჩებიან (უცხოელი) მდგმურები ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ" ალექსანდრე კობაიძე რადიო თავისუფლებასთან ჰყვებოდა, თუ როგორ ვერ ასახლებდა ბინიდან მდგმურებს, რომლებიც მას ქირას არ უხდიდნენ. არაერთი დაპირების მიუხედავად ადვოკატმა თავისუფლებას მათი საკონტაქტო ინფორმაცია არ მიაწოდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებას ადვოკატ კობაიძის მდგმურები დაუკავშირდნენ და ბინის მეპატრონესთან კონფლიქტის სხვა დეტალებიც უამბეს.

ანა ლორიონოვა ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად ნოვისიბირსკიდან 2019 წელს გადმოვიდა. ოჯახმა სამ წელზე მეტ ხანს თბილისში ქირით უპრობლემოდ იცხოვრა, თუმცა 2022 წელს მათ ბინა გამოიცვალეს და ახალ მეპატრონესთან პრობლემებიც შეექმნათ.

ანა ქმართან ერთად
ანა ქმართან ერთად

ივლისში ანას ოჯახმა ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე ადვოკატ ალექსანდრე კაბაიძისგან იქირავა. საიჯარო ხელშეკრულება პირველ ივლისს გაფორმდა. ოჯახის ვერსიით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი და ბოლო თვის ქირის გადახდის გარდა, რაც ჯამში 2 400 დოლარია, კობაიძემ მათ დამატებით კიდევ ერთი თვის - 1 200 დოლარი წინასწარ გადაახდევინა.

"3 600 დოლარი გადავუხადეთ ჯამში და თვეზე ნაკლები გვაცხოვრა. 17 ივლისს შევედით ბინაში და 12 აგვისტოს გაგვყარა გარეთ, უმიზეზოდ. 3 ბავშვი მყავს, 2 ბიჭი ორწლინახევარის და 12 წლის გოგო. სახლში მივედი და ვხედავ, რომ ჩემი ნივთები დერეფანში ყრია. საკეტი გამოცვალა და ქუჩაში დაგვტოვა… როცა ბინა ვიქირავეთ, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. არ იყო გაზი, ცხელი წყალი, არც დენი ბავშვების ოთახში და შევთანხმდით, რომ რემონტს ჩვენ გავაკეთებდით. გავაკეთეთ გაყვანილობა, გაზი, ცხელი წყალი და ახლა ჩვენს ნივთებსაც კი არ გვიბრუნებს, ავეჯს, კონდიციონერებს, რაც ბინაში დაგვრჩა. ყველაფრის ჩეკი გვაქვს, რომ ჩვენი ნაყიდია", - ჰყვება ანა.

ალექსანდრე კობაიძე მხოლოდ პირველი და ბოლო თვის თანხის გადახდას ადასტურებს (2 აგვისტოს ის აცხადებდა, რომ ოჯახმა მხოლოდ ერთი თვის საფასური გადაუხადა). მისი ვერსიით, ოჯახმა დანარჩენი თვის ქირის გადახდაზე უარი ბინაში რემონტის მიზეზით უთხრა.

"სახლი დამინგრიეს და მაგიტომ გავყარე. უნებართვოდ რაღაცები დაიწყეს. სპეციალურად გააკეთეს, რომ კონფლიქტი წარმოშობილიყო, რადგან ხელშეკრულება ერთწლიანი იყო და ხელოვნური კონფლიქტი შექმნეს და შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში უფლება არ მქონოდა ეს ხალხი ჩემი საკუთრებიდან გამესახლებინა", - ამბობს კობაიძე.

ის ირწმუნება, რომ ოჯახმა ბინაში რემონტი მასთან შეუთანხმებლად დაიწყო, თუმცა ეს ანასა და ალექსანდრეს ცოლის მიმოწერით არ დასტურდება. Whatsapp-ში ანა ალექსანდრეს ცოლს ნათიას, რომელიც, როგორც ანა გვეუბნება, კობაიძემ ნადეჟდას სახელით გააცნო, ბინის რემონტის დეტალებს უთანხმებს. რადიო თავისუფლებამ მითითებული ნომერზე დარეკა. საუბრისას ნათიამ დაგვიდასტურა, რომ ეს ტელეფონი მას ეკუთვნის და ფალიაშვილზე ბინის გაქირავება ახლაც სურს.

ბინის მეპატრონესთან ანას მიმოწერის ფრაგმენტი
ბინის მეპატრონესთან ანას მიმოწერის ფრაგმენტი

- (ანა) გამარჯობა კიდევ ერთხელ! მე ანა ვარ. აქ შეგვიძლია ყველაფერზე შევთანხმდეთ.

- (ნადეჟდა) გაგიმარჯოთ, ანა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

- (ანა) ნახეთ განრიგი, როდის იქნება თქვენთვის მოსახერხებელი ბინაში შემოიაროთ. მსურს სწრაფად მოვაგვარო სულ მცირე რამდენიმე კრიტიკული რამ მაინც. ყავა და ფუნთუშები ჩემზე იყოს.

პასუხად ნადეჟდა, იგივე ნათია, ამბობს, რომ ჯობია ანამ ფოტო გაუგზავნოს ბინიდან, სადაც მისი აზრით, კრიტიკული მდგომარეობაა.

- (ანა) თქვენთვისაც და ჩემთვისაც (პირველ რიგში თქვენთვის) უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, თუ თქვენი თვალით ნახავდით, რის გაკეთებას ვაპირებთ. შემიძლია ჩვენი ხელოსანიც მოვიწვიო, ის დეტალურად გეტყვით, რა პრობლემებია. მეც შემიძლია, რადგან გამოცდილება მაქვს. უბრალოდ არ მინდა გაუგებრობა ან კონფლიქტი იყოს. ბინაში რამდენიმე ადგილი ისე გააკეთეს, რომ ეს უსაფრთხო არ არის თქვენი ბინისთვის (შეიძლება გაჩნდეს ხანძარი ან დატბოროს მეზობლები). ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თქვენ ნახოთ.

- (ნადეჟდა) მაშინ ხელახლა ვქნათ.

ბინის მეპატრონესთან ანას მიმოწერის ფრაგმენტი
ბინის მეპატრონესთან ანას მიმოწერის ფრაგმენტი

კიდევ ერთ მიმოწერა ალექსანდრე კობაიძის ცოლსა და ანას შორის.

- (ანა) ელექტრიკოსი აქ კიდევ 3 დღე იმუშავებს. მასთან თუ რამე კითხვები გაქვთ პირადად, შეგიძლიათ მოხვიდეთ, ყველაფერს აგიხსნით. შემიძლია მისი [ტელეფონის] ნომერი მოგცეთ, თუ ეს უფრო მოსახერხებელი იქნება.

- (ნადეჟდა) არა ანა მადლობა. მე ყველაფერი ვნახე და წავიკითხე. თუ რამე, მომწერეთ. მე თქვენ გენდობით.

ბინის მეპატრონესთან ანას მიმოწერის ფრაგმენტი
ბინის მეპატრონესთან ანას მიმოწერის ფრაგმენტი

- (ანა) უღრმესი მადლობა! ჩემთვის ეს ძალიან ღირებულია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ აქ დიდი ხნით ცხოვრებას ვფიქრობთ. ბავშვები გვყავს, ამიტომ ყველაფერს კარგად და უსაფრთხოდ ვაკეთებთ.

მაკლერი, რომელმაც ბინის მეპატრონე და მფლობელი ერთმანეთს დააკავშირა რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ ბინას ქირაობის მომენტში მართლაც სჭირდებოდა რემონტი, ოჯახი კი შეთანხმებულ პირობას მიყვებოდა.

"[ანა] ჩვეულებრივად იხდიდა [ქირას], კომფორტული ცხოვრებისთვის შეიძინა კონდიციონერებიც, ბინა იყო ხარვეზიანი, კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებდა, რაც ანამ და მისმა ქმარმა გააკეთეს", - უთხრა მან თავისუფლებას.

მხარეებს შორის დავა 12 აგვისტოს გამწვავდა. უთანხმოების მთავარი მიზეზი იმ მომენტისთვის რემონტი გახდა. ადგილზე პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახეს. პირველად პატრულს ანამ მიმართა, ბოლოს კი ალექსანდრე კობაიძის ოჯახმა.

"ეს რემონტი 14 000 ლარი დაუჯდათ და ერთი თვე გასული არ იყო, მიუვარდა სახლში და ფაქტობრივად, კიდევ 1 000 დოლარი გამოსძალა [იგულისხმება მესამე თვის ქირის გადასახადი - რ.თ.] ჩემს კლიენტებს. ამის შემდეგ კიდევ შეიჭრნენ სახლში მთელი ოჯახით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ნივთები გამოუყარეს, ნახევარი ნივთები კი სახლში ჩაუკეტეს და აღარ აძლევენ. რეალურად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან დაზარალებულები და ალექსანდრე კობაიძე კიდევ ომს იყენებს, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და ხალხს ატყუებს, თითქოს რუსებმა გაუტეხეს ბინა და შეიჭრნენ სახლში", - ამბობს ანას ოჯახის ადვოკატი ია სირანაშვილი.

ანა ამბობს, რომ უფლებადამცველია და ომის შემდეგ უკრაინულ ოჯახებს სხვადასხვა საშუალებით ეხმარება.

მისი ქმარი მათემატიკოსია და საქართველოდან ონლაინ, IT სპეციალისტად მუშაობს. ოჯახი გვეუბნება, რომ ბინის ქირასა და რემონტში მათ მთელი დანაზოგი დაეხარჯათ. ამას დაემატა ორი ადვოკატისთვის გადასახდელი ჰონორარიც. ახალი ბინის დასაქირავებლად ოჯახს ამ ეტაპისთვის თანხა აღარ აქვს, ამიტომ ისინი ახლა დროებით მეგობრის ბინაში ცხოვრობენ. ანას თქმით, ქმართან და 3 ბავშვთან ერთად მათ ახლა ერთ მატრასზე სძინავს.

ოთახი მეგობრის სახლში, სადაც ახლა ანას 5 წევრიანი ოჯახი ცხოვრობს
ოთახი მეგობრის სახლში, სადაც ახლა ანას 5 წევრიანი ოჯახი ცხოვრობს

"[კობაიძე] გვეუბნება, რომ გავლენიანი მეგობრები ჰყავს ყველგან და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბინადრობის ნებართვა არ მოგვცენ, რომ საქართველოდან დაგადეპორტონო, რომ აქ ცხოვრება ვერასდროს მოახერხოთო", - ამბობს ანა ლორიონოვა

ალექსანდრე კობაიძე ცნობილი ადვოკატია. სხვადასხვა დროს არაერთ გახმაურებულ საქმეში იყო ჩართული. გიორგი შაქარაშვილის საქმის გარდა, ის იყო სმითების საქმეში მსჯავრდებულის ადვოკატი, ასევე კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ადვოკატი. ასევე იცავდა ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის, დავით აქიაშვილის ინტერესებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

ალექსანდრე კობაიძე
ალექსანდრე კობაიძე

კობაიძის თქმით, მას ბინის დამქირავებლების პოლიტიკური შეხედულებებიც არ მოეწონა:

"რუსი ხომ ხარ რატომ გაქვს უკრაინის დროშა, არის თუ არა ოკუპანტი პუტინი-მეთქი [ვკითხე] და არ არისო [მიპასუხა]".

"მე უფლებადამცველი ვარ, უკრაინელი ლტოლვილების დახმარებით ვიყავი დაკავებული და ნეიტრალური პოზიციაც არ მაქვს… სულ პუტინის მმართველობის წინააღმდეგი ვიყავი. სულ ვწერდი, რომ ბოროტი და ფაშისტია და ახლაც სულ ვამბობ. ყირიმის ანექსიასაც ვაპროტესტებდი და საქართველოზე თავდასხმასაც", - ამბობს ანა.

მისი პოლიტიკური პოზიცია ჩანს მისი ინსტაგრამ პოსტებიდან, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს და უკრაინაზე თავდასხმას ხშირად აკრიტიკებს.

"რუსული ჯარი მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს, ხალხი კი სამსახურში მიდის მაცივრების გასაყიდად", - ეს არის ანას ერთ-ერთი ინსტაგრამ პოსტის ნაწყვეტი.

ერთ-ერთ პოსტში ანა საქართველოში რუსოფობიის თემაზეც მსჯელობს და მოჰყავს არგუმენტები, თუ რატომ არ შეესაბამება ეს სინამდვილეს.

ანამ პოლიციას 14 აგვისტოს მიმართა და ალექსანდრე კობაიძე თაღლითობაში დაადანაშაულა. ამბობს, რომ კობაიძე პოლიციას ისევ არ გამოუკითხავს. ოჯახი ადვოკატების დახმარებით დავის სამართლებრივი გზით მოგების იმედი აქვს.

ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ანა ლორიონოვას განცხადებაზე გამოძიება ვერ დაიწყება, რადგან საქმე სახელშეკრულებლო ურთიერთობას ეხება და არა სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. ადვოკატის ოჯახი ფალიაშვილის ბინისთვის ახალ მდგმურს ეძებს.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG