Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდება უკრაინას!" - თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ


თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - "დიდება უკრაინას!" - მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან. სოფელი ოძისი, 4 სექტემბერი, 2022 წელი.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას!" - მონაწილეები, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: შშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი; ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი და კონფერენციის სხვა მონაწილეები.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკვე მეექვსედ ტარდება და წელს კონფერენცია ეძღვნება უკრაინას, დამოუკიდებელ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და საომარი აგრესიის ფონზე.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან ჩასულ ჯგუფს ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებსა და ამჟამად არსებულ ვითარებაზე ინფორმცია მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

თბილისის საერთაშირისო კონფერენცია - „დიდება უკრაინას!" - თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები არიან: „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.

კონფერენციის მონაწილე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, ლიდერები და პოლიტიკოსები გამართავენ დისკუსიებს უკრაინისა და საქართველოს აწმყოსა და მომავლზე, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე და იმსჯელებენ სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

„საქართველოში იციან, რას ნიშნავს ახლო მეზობლად ცხოვრება ისეთ აგრესიულ ავტოკრატთან, როგორიც ვლადიმირ პუტინია და იციან, რას ნიშნავს, როცა მისი [პუტინის] არმია იჭრება თქვენს სუვერენულ სახელმწიფოში“, - განაცხადა „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა.

კონფერენციის პირდაპირი ვიდეოტრანსლიაცია ხელმისაწვდომი იქნება იუთუბზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG