რუსეთში უკანონოდ გადიყვანეს 7 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში - ომბუდსმენმა, დმიტრი ლუბინეცმა. მისი თქმით, ეს ფაქტი უკრაინელების გენოციდზე მიუთითებს.
„რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ბავშვები აღარ დაბრუნდნენ ჩვენთან და თავიანთი კანონმდებლობაც კი შეარბილეს ამისთვის. ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მკაფიო მაგალითი, რომ რუსეთის ფედერაცია ახდენს უკრაინელი ერის გენოციდს, რადგან ერთი ეროვნების ხალხის ჯგუფის ძალდატანებითი გადაადგილება გენოციდის პირდაპირი განსაზღვრებაა“, - აცხადებს ლუბინეცი.
ომბუდსმენის ინფორმაციით, რუს მოხალისეებთან თანამშრომლობით, უკრაინამ ჯერ მხოლოდ 51 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.
ადამიანის უფლებათა საკითხებში რადის კომისრის - ომბუდსმენის პოსტზე დიმიტრი ლუბინეცი 2022 წლის 1 ივლისს დაინიშნა. მისი წინამორბედი იყო ლიუდმილა დენისოვა, რომელიც რადის დეპუტატებმა პოსტიდან გაათავისუფლეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, მათ შორის - რუსი ჯარისკაცების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. აპრილში დენისოვა აცხადებდა, რომ რუსეთში გადაიყვანეს 121 ათასი უკრაინელი ბავშვი.
უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანისა და გაშვილების შესახებ ინფორმაციით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროსაც მიმართა. სამართალდამცველების ცნობით, რუსეთში გადაყვანილ ბავშვებს შორის მხოლოდ ობლები არ არიან.
ბერძნულ-ლათინური ჰიბრიდული სიტყვა გენოციდი ჯიშის, თემის მკვლელობის აქტს ნიშნავს. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს დამტკიცებული კონვენციით, გენოციდად მიიჩნევა ქმედება - წინასწარი განზრახვით მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდეს "ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ანდა რელიგიური ჯგუფი, როგორც ასეთი“. დანაშაულად ითვლება ასეთი ჯგუფების წარმომადგენელთა:
- მკვლელობა;
- სხეულის სერიოზული დაზიანება ანდა გონებრივ აშლილობამდე მიყვანა;
- წინასწარი განზრახვით ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომლებიც გათვლილია სრულ ან ნაწილობრივად ფიზიკურ განადგურებაზე;
- შობადობის შეწყვეტაზე გათვლილი ზომების მიღება;
- ბავშვების იძულებით გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორისთვის.
კონვენციით დასჯადია როგორც გენოციდის აქტი, ასევე შეთქმულება გენოციდის განხორციელების მიზნით, წაქეზება გენოციდისკენ ანდა გენოციდში თანამონაწილეობა. დამნაშავედ შეიძლება ჩაითვალოს როგორც კერძო პირი და თანამდებობის პირი, ასევე ხელისუფალი.
დაწერეთ კომენტარი