უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გათავისუფლებულია სამი დასახლებული პუნქტი. კონკრეტულად რომელი, ზელენსკის არ უთქვამს.
4 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მებრძოლებს, რომლებმაც დონეცკის ოლქში შედეგი უზრუნველყვეს და დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ზელენსკის განცხადებითვე, 54-ე ბრიგადამაც წინ წაიწია ლისიჩანსკი-სევერსკის მიმართულებით და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 42-ე მოტოქვეითი ბატალიონის გმირული მოქმედებების წყალობით, ორი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული ქვეყნის სამხრეთშიც.
4 სექტემბერს, მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაიბრუნეს ხერსონის ოლქის დაბა ვისოკოპოლიეზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გასულ საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ წარწერით: "ვისოკოპოლიე. ხერსონის ოლქი. უკრაინა. დღეს". ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ აღმართავენ უკრაინელი სამხედროები სახელმწიფო დროშას ერთ-ერთი შენობის სახურავზე.
ეს ფოტო, წარწერით: "ნაბიჯ-ნაბიჯ", ტვიტერით გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმაც.
უკრაინის არმია ივლისის ბოლოდან აწარმოებს კონტრშეტევას ხერსონის ოლქში, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს.