უნგრეთი იმუქრება, რომ ხელს შეუშლის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის განახლებას, თუკი სანქციების სიიდან არ ამოიღებენ რუსეთის სამ ოლიგარქს.
საქმე ეხება შეზღუდვებს, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს.
როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი რამდენიმე დიპლომატიური წყაროდან, ბუდაპეშტი მოითხოვს, სანქციების სიიდან ამოღებულ იქნენ ალიშერ უსმანოვი, პიოტრ ავენი და ვიქტორ რაშნიკოვი. ევროკავშირმა 15 სექტემბრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოსკოვისთვის სანქციების შემდგომი ექვსი თვით გაგრძელების თაობაზე. 7 სექტემბერს ამ საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები განიხილავენ.
ამჟამად სანქციების სიაში არის 1217 ადამიანის გვარი, ასევე 108 იურიდიული პირი. სიის დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.
ალიშერ უსმანოვი და პიოტრ ავენი სანქციების სიაში არიან თებერვლის ბოლოდან, როცა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დაიწერა, რომ უსმანოვი არის „კრემლის მომხრე ოლიგარქი, რომელსაც განსაკუთრებით მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან“. პუბლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ უსმანოვი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც პუტინის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს და მის საქმიან პრობლემებს აგვარებს.
ავენი ასევე დასახელებულია კრემლთან დაახლოებულ პირად და რუსეთის იმ 50 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის, რომლებიც რეგულარულად ხვდებიან პუტინს. „ის არ მოქმედებს პრეზიდენტის ნებისგან დამოუკიდებლად,“ აღნიშნავენ ბრიუსელში.
მარტში სანქციების სიაში მოხვდა ვიქტორ რაშნიკოვი - გადასახადების ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელისა და სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს, მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
უნგრეთი ასევე მოითხოვს, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საშუალება მიეცეთ, კავშირები იქონიონ სანქციების სიაში მოხვედრილ ზოგიერთ რუსულ ბანკთან.
რადიო თავისუფლებამ მოთხოვნა გაუგზავნა უნგრეთის ხელისუფლებას, მაგრამ ოფიციალური პირებიდან არავის გაუკეთებია კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. ის აკრიტიკებდა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას. მისი თქმით, შემოღებული სანქციები ურტყამს თავად ევროკავშირს, არ ასუსტებს რუსეთს და არც კიევს ეხმარება. სხვათა შორის, უნგრეთი არ დათანხმდა თავისი ტერიტორიის გავლით უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების მიწოდებას.
დაწერეთ კომენტარი