Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ სახელმწიფოთა მეთაურები, მსოფლიოს პოლიტიკოსები

ელისაბედ მეორე (1926-2022). ლონდონი, 2014 წელი
ელისაბედ მეორე (1926-2022). ლონდონი, 2014 წელი

ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო განცხადებები გააკეთეს მსოფლიოს სახელმწიფოთა ყოფილმა და მოქმედმა ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ "როგორც გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე დიდხანს მმართველი სახელმწიფოს მეთაური, დედოფალი ელისაბედ II საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა მთელ მსოფლიოში თავისი სათნოებით, ღირსებით და თავდადებით“.

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, ელისაბედ მეორის „არსებობა სიმშვიდეს უსახავდა ყველას ყოვლისმომცველი ცვლილებების ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის აფრიკისა და აზიის დეკოლონიზაციის და თანამეგობრობის განვითარების ჩათვლით“. გუტერეში იხსენებს, რომ "დედოფალი ელისაბედ II იყო გაეროს კარგი მეგობარი და ორჯერ ეწვია ჩვენი ნიუ-ორკის შტაბ-ბინას, ორმოცდაათზე მეტი წლის დაშორებით. ის ღრმად იყო ჩართული საქველმოქმედო და გარემოს დაცვით ღონისძიებებში და გლაზგოში გამართულ კლიმატის ცვლილებების მოლაპარაკებებზე დელეგატებს მიმართა ამაღელვებელი სიტყვით“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ელისაბედ მეორის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი იქნება ბრიტანეთის და ჩვენი მსოფლიოს ისტორიაში. „მუდმივი ცვლილებების სამყაროში ის იყო მხარდაჭერა და კომფორტის, სიამაყის წყარო ბრიტანელების არაერთი თაობისთვის, მათი ჩათვლით, ვისაც ამ ქვეყანას მისი გარეშე არ იცნობდა,“ განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დედოფალი ელისაბედი იყო „დიდებული ქალი“ და არასოდეს „უშვებდა შეცდომებს“.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც ახლახან შეცვალა ახალმა პრემიერმა, განაცხადა, რომ „თითოეული ჩვენგანის გულებში არის ტკივილი ჩვენი დედოფლის გარდაცვალების გამო.“ დედოფალი იმდენად არ ექვემდებარებოდა დროს და იმდენად არაჩვეულებრივი იყო, რომ ვშიშობ, როგორც ბავშვებმა, ისე დავიჯერეთ, რომ ის სულ იქნება და იქნება“.

კენტერბერის არქიეპისკოპოსკმა, ჯასტინ უელბიმ პატივი მიაგო დედოფალ ელისაბედს, რომელიც სხვათა შორის, ანგლიკანური ეკლესიის საერო მეთაურიც იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ, 8 სექტემბერს და ქებით მოიხსენია მისი აზროვნების სიცხადე, ყურადღებით მოსმენის უნარი, შემეცნებითი გონება, იუმორი და არაჩვეულებრივი სიკეთე. "ახლა, როცა ერთად ვგლოვობთ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საყვარელი დედოფლის დაკარგვით, ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომლის განუხრელი ერთგულება, სამსახური და თავმდაბლობა დაგვეხმარა გაგვეცნობიერებინა - ვინ ვართ ჩვენ, ათწლეულების მანძილზე მიმდინარე საოცარი ცვლილებებისას ჩვენს მსოფლიოში, ქვეყანასა და საზოგადოებაში."

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ „ჩვენი ფიქრები სამეფო ოჯახთანაა და ყველა მასთან, ვინც დედოფალ ელისაბედ II-ს გლოვობს გაერთიანებულ სამეფოსა და მთელ მსოფლიოში.“ მიშელის თანახმად, „ელისაბედ ურყევად წოდებულმა, მან თავისი მსახურებითა და ერთგულებით დაგვანახა მდგრადი ღირებულებების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში“.

ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებას გამოეხმაურა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჯოზეპ ბორელი, რომელიც აცხადებს, რომ „ევროპის კავშირი პატივს მიაგებს მის უნიკალურ წვლილს მშვიდობის მშენებლობისა და შერიგების საქმეში.“

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაწერა თავის განცხადებაში, რომ ელისაბედ მეორე იყო სამაგალითო მილიონობით ადამიანისთვის, სხვათა შორის გერმანიაში. „მისი სწრაფვა გერმანულ-ბრიტანული შერიგებისკენ მეორე მსოფლიო ომის საშინელების შემდეგ, დაუვიწყარი დარჩება. დაგვაკლდება ის, და არა ბოლო რიგში, მისი იუმორი,“ აცხადებს შოლცი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანეთის დედოფალს იხსენებს, როგორც საფრანგეთის მეგობარს, გულმოწყალე დედოფალს, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავის ქვეყანასა და ეპოქაზე.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი ასე აფასებს ელისაბედ მეორეს: "დედოფალი ელისაბედი იყო მთავარი მოთამაშე მსოფლიოს ისტორიაში უკანასკნელი სამოცდაათი წლის განმავლობაში. ის წარმოადგენდა გაერთიანებულ სამეფოს და თანამეგობრობას გაწონასწორებული, ბრძნულად, ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მიმართ პატივისცემით".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო უკრაინის ხალხის სახელით სამძიმრის წერილი გაუგზავნა „სამეფო ოჯახს, მთელ გაერთიანებულ სამეფოს და თანამეგობრობას „აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო“. „ჩვენი ფიქრები და ლოცვა თქვენთანაა", წერს, ზელენსკი.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დიდი მწუხარებას გამოთქვამს „კანადის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი მონარქის, მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ის მუდმივად არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში და მისი მსახურება კანადელებისთვის სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად".

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ სამძიმრის წერილი გააგზავნა ლონდონში: "ღრმად დამამწუხრა მისი უდიდებულესობის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებამ. ვუგზავნი გულწრფელ და გულითად სამძიმარს სამეფო ოჯახს და ბრიტანელ ხალხს და ხალხს თანამეგობრობისა".

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის წერილში, რომელიც ბრიტანეთის ახალ მეფეს, ჩარლზს გაუგზავნა, აღნიშნა, რომ დედოფალი „სამართლიანად სარგებლობდა თავისი თანამემამულეების სიყვარულით და პატივისცემით და ასევე, ავტორიტეტით მთელ მსოფლიოში“.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდიმ გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება: "მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II ემახსოვრებათ როგორც თავისი დროის მტკიცე წარმომადგენელი. ის იყო შთამაგონებელი ლიდერი თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის. ის იყო ღირსებისა და წესიერების განსახიერება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მტკივნეულია მისი წასვლა . ჩემი ფიქრები მის ოჯახთან და გაერთიანებული სამეფოს ხალხთანაა ამ მწუხარე დროს".

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმი უერთდება "მსოფლიოს და ვგლოვობთ მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებას, მსოფლიო ხატისა , რომელიც წარმოადგენდა თავისი ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო თვისებებს. მისი საოცარი ცხოვრება, გაერთიანებული სამეფოს სამსახურში შეუდარებელია ჩვენს თანამედროვე მსოფლიოში".

ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახს უსამძიმრებენ ევროპის ქვეყნების მონარქები.

ნიდერლანდის მეფე ვილემ-ალექსანდერი იხსენებს „დედოფალ ელისაბედ II-ს ღრმა პატივისცემითა და უდიდესი სიყვარულით. ის იყო მტკიცე და ბრძენი და მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება მიუძღვნა ბრიტანელი ხალხის სამსახურს. ჩვენ ძლიერ კავშირს ვგრძნობთ გაერთიანებულ სამეფოსთან და მის სამეფო ოჯახთან და ჩვენ ვიზიარებთ მათ მწუხარებას ამ მძიმე დროს."

ნორვეგიის სამეფო სახლი ასევე გამოხატავს ღრმა მწუხარებას. "სამეფო ოჯახი ღრმად დაამწუხრა ცნობამ მისი უდიდებულესობის, დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ".

ბრიტანეთმა 8 სექტემბერს გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ მეორე.

ბრიტანეთის ახალი მეფე გახდა დედოფლის უფროსი ვაჟი პრინცი ჩარლზი, რომელიც ჩარლზ III-დ იქნება ცნობილი.

დედოფლის დაკრძალვამდე ბრიტანეთში გამოცხადებულია გლოვა.

XS
SM
MD
LG