ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპელ და იაპონელ კოლეგებთან და ნატოს ხელმძღვანელებთან გამართა ვიდეოკონფერენცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მუდმივი საერთაშორისო მხარდაჭერის, მათ შორის, სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მნიშვნელობას და რუსეთზე მუდმივი ზეწოლის აუცილებლობას, რათა მან პასუხი აგოს აგრესიისთვის. განხილული იყო რუსეთის მიერ ენერგორესურსების იარაღად გამოყენების საკითხიც და შემდგომი კოორდინაცია ენერგომატარებლებით ევროპის მდგრადი უზრუნველყოფის მიზნით.
თეთრი სახლის ცნობით, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ კანადის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და იაპონიის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის კანცლერი, პოლონეთის და რუმინეთის პრეზიდენტები, საფრანგეთის და ევროკავშირის წარმომადგენლები და ნატოს გენერალური მდივანი.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას აშშ უწევს. პენტაგონის ოფიციალურ ვებსაიტზე 8 სექტემბერს განახლებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 14.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.