Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“უპირატესობას მკვლელებს ანიჭებენ” - უკრაინასთან ომში რუსეთი პატიმრებს აგზავნის


რუსი უფლებადამცველების თქმით, კრემლმა უკრაინაში საომრად, სულ ცოტა, რამდენიმე ათასი პატიმარი გააგზავნა. უმრავლესობას დაჰპირდნენ ამნისტიას და დიდ ანაზღაურებას. ზოგის დასაბრუნებლად ოჯახები იბრძვიან, მაგრამ ბევრისთვის 200 ათასი რუბლი (12 ათასი ლარი) კარგი გასამრჯელოა შვილის ომში გაშვების სანაცვლოდ.

მარინა გოროდილოვა 4 თვეზე მეტია, საკუთარ შვილს ეძებს. 30 წლის დიმიტრი, რუსეთის ჩრდილოეთით, ქალაქ პეტროზავოდსკში 13-წლიან სასჯელს “ნარკოდანაშაულისთვის” იხდიდა. დედამისი “რადიო თავისუფლებას” უყვება, რომ ბოლოს 4 ივნისს ელაპარაკა.

მარინა გოროდილოვა
მარინა გოროდილოვა

“დიმამ მითხრა, პარასკევს გადმოგირეკავო. ყურმილი დაკიდა და აღარ გადმოურეკავს”, - ამბობს მარინა გოროდილოვა.

არ უნერვიულია, მაგრამ ორ დღეში ნაცნობმა, რომლის შვილიც ასევე პეტროზავოდსკის კოლონიის პატიმარი იყო, უთხრა, ჩემი შვილი ომში დაიღუპაო.

დიმიტრი გოროდილოვი
დიმიტრი გოროდილოვი

მარინა პანიკაში ჩავარდა და მომდევნო დღეებში მისწერა ყველას - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, პროკურატურას, კოლონიას. პასუხი არავისგან მიუღია. ბოლოს კოლონიაში ჩავიდა. შვილის ნახვაზე ორჯერ უთხრეს უარი - 20 და 29 აგვისტოს.

“ჩემი შვილი არ დათანხმდებოდა უკრაინაში ადამიანების ხოცვას თავისუფლების სანაცვლოდ. ჩემს შვილს ვიცნობ. ვინ იცის, იქნებ ახლა აწამებენ კიდეც”, - ამბობს მარინა.

კიდევ ერთი პეტროზავოდსკელი პატიმარი, ევგენი ერიომენკო უკრაინაში 24 ივლისს დაიღუპა. დედამისმა, პენსიონერმა ტატიანა კოტიონოვამ გამოცემა “მედიაზონას” უამბო, რომ შვილმა ცოტა ხნით ადრე დაურეკა და მხოლოდ ის უთხრა, სხვა ციხეში გადავყავარო.

იღბლის ჯარისკაცები

ზაფხულის დასაწყისიდან მოყოლებული, დამოუკიდებელი რუსული მედია წერს, რომ კრემლმა პატიმრების მობილიზება დაიწყო უკრაინაში გასაგზავნად.

გამოცემა “ვაჟნიე ისტორიი” წერს, რომ სანქტ-პეტერბურგელ პატიმრებს ომში წასვლის სანაცვლოდ, ჰპირდებიან 200 ათას რუბლს (დაახლოებით 12 ათას ლარს) და ამნისტიას. სიკვდილის შემთხვევაში, პატიმრის ოჯახი 5 მილიონ რუბლს მიიღებს (თითქმის 250 ათას ლარს). თუმცა ეს სიტყვიერი დაპირებებია, კონტრაქტს არავის უფორმებენ.

“ჩემს ნათესავს უთხრეს, ნაცისტები უნდა აღმოაჩინოთო. ავანგარდში იქნებით, ამიტომ სახლში ყველა ვერ დაბრუნდებითო”, - ანონიმურად უთხრა გამოცემას ერთ-ერთი პატიმრის ნათესავმა.

პატიმრების ახლობლების მონაყოლზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია gulagu.net-მა დაასკვნა, რომ ზოგს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასანაღმად და აღსადგენად უშვებენ. აი, მკვლელობისთვის და ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულებს კი - საომრად. ბევრი მათგანი, უკრაინაში გამგზავრებამდე, 2-კვირიან საბრძოლო მომზადებას გადის.

მოლაპარაკებები წარმატებული რომ იყოს, საქმეში ერთვებიან კანონიერი ქურდებიც, რომლებიც პატიმრებს უარის შემთხვევაში, წამებით ემუქრებიან.

საქმეში ჩართულია “მძიმე არტილერიაც”. პატიმრების დასარწმუნებლად, ციხეებში პირადად ჩადის პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფინანსებლად ითვლება.

პრიგოჟინს რუსეთში “პუტინის მზარეულის” მეტსახელით იცნობენ, რადგან კრემლის კარიერულ კიბეზე აღმასვლა, თავის დროზე, ვლადიმირ პუტინისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ბანკეტების ორგანიზებით დაიწყო.

დასავლეთი მას ადანაშაულებს რუსული “ტროლების ქარხნების” დაფინანსებაში, თუმცა ეს შედარებით უწყინარი დანაშაულია. Bellingcat-ის, Der Spiegel-ის და სხვა გამოცემების მტკიცებით, მის მიერ დაფინანსებული “ვაგნერი” “მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან, ГРУ-სთან“.

“ვაგნერელები” თავდაპირველად სირიაში იბრძოდნენ, მარტის ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც კრემლს “ბლიცკრიგი” ჩაეშალა, უკრაინაზე გადაერთვნენ.

დაჯგუფების წევრებს სირიაშიც და უკრაინაშიც, ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ როსტოვის ოლქში პრიგოჟინმა ათასამდე პატიმარი დაიქირავა. მედიაპროექტ vot-tak.tv-ს ინფორმაციით, მან მსჯავრდებულებს უთხრა, რომ “შეუძლიათ უკრაინელებს გაუკეთონ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ“ და ამისთვის არავინ დასჯის.

ნათესავები ფულს ელიან

პრიგოჟინის მონაწილეობაზე, მშობლებმა უამბეს არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდიაშჩაია რუსის“ (“პატიმრობაში მყოფი რუსეთის”) ხელმძღვანელს, ოლგა რომანოვას.

მისი თქმით, პრიგოჟინი შთაბეჭდილების მოსახდენად, საპატიმროებში ვერტმფრენით ეშვება და პატიმრებს “მათ ენაზე” ელაპარაკება.

ოლგა რომანოვა
ოლგა რომანოვა

“ჯერ ამბობს, მეც ნაციხარი ვარო. მერე კი ეუბნება, ციხიდან ხის ყუთით გამოგიტანენ, ჩვენ კი ფულს, დიდებას, შეწყალებას და ახლობლებთან შეხვედრას გთავაზობთო. ცხოვრებას ახლიდან დაიწყებთ და იღბლის ჯარისკაცები იქნებითო. მერე კი იწყება სიტყვების სტანდარტული ნაკრები ფაშისტებზე, უკრაინაზე, ბანდერასა და დონბასელი ბავშვების ხოცვაზე”, - უთხრა რომანოვამ “დოიჩე ველეს”.

რომანოვა ამბობს, რომ დამქირავებლები უპირატესობას ანიჭებენ მკვლელებს და სხვა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებს. ისინიც თანხმდებიან, რადგან ისედაც “წართმეული აქვთ მომავალი”.

უფლებადამცველს არ უკვირს, რომ პატიმრები თანხმდებიან ომში წასვლას, მაგრამ მისთვის საოცარია, რომ ამას არ ეწინააღმდეგება ნათესავების უმრავლესობა. მეტიც, ბევრი ეუბნება, დაპირებული გასამრჯელო ვერ ავიღეთ და ფულის მიღებაში დაგვეხმარეთო.

“ყველანი ტელევიზორში არიან ჩამძვრალები, ამიტომ ჩემი პასუხი შოკში აგდებთ… სინდისი თუ არ ერთვებათ, ტვინი მაინც ჩართონ - ვერ ხვდებიან, ახლობლებს სად უშვებენ”.

სამი ათასამდე პატიმარი

რომანოვას გამოთვლებით, ახლა უკრაინაში ომობს სამი ათასამდე პატიმარი. ის ამბობს, რომ რუსეთში 600 ათასამდე პატიმარია, და “50-60 ათასს თავისუფლად ააგროვებენ”.

რუსეთის ხელისუფლება ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. უცნობია ისიც, უკვე რამდენი პატიმარია დაღუპული. მაგრამ, მაგალითად, 12 აგვისტოს, “ვაჟნიე ისტორიიმ” დაწერა, რომ სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ციხიდან დაქირავებული 200-მდე ჯარისკაციდან, მხოლოდ ორი გადარჩა. “ერთი კომაში იყო, მეორემ ფეხები დაკარგა”.

რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლს არ შეუძლია მობილიზაციის გამოცხადება და არც წვევამდელების ომში გაშვება. ამისდა მიუხედავად, 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინაში არაერთი წვევამდელი დაიღუპა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG