Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია: კაჭრეთში გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ განდგომილები არ არსებობენ


ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა დღეს კომენტარი გააკეთა 10 სექტემბერს, კაჭრეთში ჩატარებულ მმართველი პარტიის სამუშაო გასვლით სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა ქართული ოცნებიდან “სიმართლის სათქმელად” წასული დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მიიღეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ განდგომილები არ არსებობენ. „ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალებით შექმნილი ჯგუფი, რომელსაც უფრო აგრესიულად უნდა გამოეხატა ანტი-დასავლური განწყობილებები და ეს არის „ქართული ოცნების“ ორი მხარე - ერთის მხრივ ვითომ ქორები და მეორეს მხრივ ვითომ ბატები. კაჭრეთში მათი რეალური სახის გამოჩენა მოხდა“ - თქვა მან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ კი განაცხადა, ილუზია ისედაც არავის ჰქონია, რომ ეს დეპუტატები „ქართულ ოცნებას“ მართლა გამოეყვნენო. „კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთად გეგმავენ ამ მასხარაობას, რასაც ეს ოთხი დეპუტატი ეწევა. ჩვენ გუშინაც ვიხილეთ, რომ ეს 4 პრორუსი "კლოუნი" იჯდა „დედა პარტიის“, „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე“ - თქვა მან.

გურამ მაჭარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ ოთხივე დეპუტატმა შეხვედრაში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით მიიღო და არა პარტიის წევრის სახელით.

XS
SM
MD
LG