11 სექტემბერს შვედეთში არჩევნები ტარდება, რომელიც სავარაუდოდ, გააძლიერებს პოპულისტურ ანტიიმიგრაციულ პარტიას, რომელიც ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ბოლოს მოუღებს დანაშაულებს, რომელთაც მრავალ ადამიანს უსაფრთხოების გრძნობა შეურყიეს.
წინასწარი პროგნოზებით, რომელიც გავრცელდა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სოციალ-დემოკრატები დარჩებიან შვედეთის უძლიერეს პოლიტიკურ ძალად.
"შვედი დემოკრატები" პარლამენტში 2010 წელს შევიდნენ და ყველა არჩევნებზე სტაბილურად იღებდნენ მეტ ხმებს. პარტიის პოპულარობა გაიზარდა უკანასკნელი წლების მასობრივი მიგრაციის შემდეგ, განსაკუთრებით 2015 წელს, რომელიც კრიზისული იყო ევროპაში, და როცა ცალკეულ რაიონებში კრიმინალური ვითარება გაუარესდა.
პარტიას ფესვები აქვს თეთრ ნაციონალისტურ მოძრაობაში, თუმცა წლების წინ ექსტრემისტების თავიდან მოშორება დაიწყო. ამის მიუხედავად, ამომრჩევლები მას დიდხანს მიუღებლად მიიჩნევდნენ, ხოლო სხვა პარტიები თავს არიდებდნენ. ახლა ეს იცვლება.
AP-ის თანახმად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროგნოზით, "შვედეთის დემოკრატებს", რომელმაც 13% მოიპოვა 2018 წელს, დაახლოებით 20% დასჭირდება 11 სექტემბრის კენჭისყრაზე იმისთვის, რომ გახდეს სიდიდით მეორე პარტია პარლამენტში.
ეს მათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერშონის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების პარტიის უკან დააყენებს. ანდერსონს, 55 წლის ეკონომისტს, მოწონების მაღალი რეიტინგი აქვს. ის გახდა პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი შვედეთში თითქმის ერთი წლის წინ და სათავეში ჩაუდგა შვედეთის ისტორიულ განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. არსებობს ორი ძირითადი ბლოკი, ოთხი მემარცხენე და ოთხი კონსერვატიული პარტიით. წინასაარჩევნო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ბლოკებს ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ.
თუ მემარცხენე ბლოკს საქმე ცუდად წაუვიდოდა, ანდერშონი სავარაუდოდ, ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას უმრავლესობით პარლამენტში. ასეთ შემთხვევაში, იმ პარტიას, რომელიც მეორე ადგილზე გავა, შანსი გაუჩნდება. ტრადიციულად, ესენი იყვნენ მემარჯვენე-ცენტრისტები, მაგრამ ახლა არსებობს საფრთხე, რომ პოპულისტები მათზე მეტ ხმებს აიღებენ.
შვედების უმეტესობა კვლავ მათი წინააღმდეგია, ზოგიერთი კი ტაქტიკურად ნებისმიერი მემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, რომ არ მიეცა ამ მხარისთვის ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება.