Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: აზერბაიჯანთან საზღვარზე სულ მცირე 49 დაღუპული გვყავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვარზე შეტაკებებისას სულ მცირე 49 დაღუპული ჰყავთ. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, 13 სექტემბერს განაცხადა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად დანაკარგს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც, თუმცა, კონკრეტული რიცხვი ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

წუხელ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია

.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან.

მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.

XS
SM
MD
LG