Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი აცხადებს, რომ ომის "ბოროტების" გასამართლებლად რელიგიის გამოყენება დაუშვებელია

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა მეშვიდე კონგრესზე გამოსვლისას რომის პაპმა ფრანცისკემ დამსწრე საზოგადოებას ომის დაგმობისკენ მოუწოდა
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა მეშვიდე კონგრესზე გამოსვლისას რომის პაპმა ფრანცისკემ დამსწრე საზოგადოებას ომის დაგმობისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ გააფრთხილა სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიური ლიდერები, რომ რელიგია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ომის "ბოროტების" გასამართლებლად. პონტიფიკი, სავარაუდოდ, გულისხმობდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც უკრაინაში არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, მხარს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უჭერს.

14 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა მეშვიდე კონგრესზე გამოსვლისას, რომის პაპმა დამსწრე საზოგადოებას ომის წინააღმდეგ გაერთიანებისა და მისი რელიგიური გამართლების დაგმობისკენ მოუწოდა.

"ღმერთი არის სამყარო. მას ყოველთვის მივყავართ მშვიდობის გზითა და არასოდეს - ომის გზით", - თქვა ფრანცისკემ, რომელსაც თავის გამოსვლაში კონკრეტულად არც რუსეთი უხსენებია და არც - უკრაინა.

კონფერენციას უნდა დასწრებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი, მაგრამ დაწყების წინ, ბოლო მომენტში, მან მონაწილეობაზე უარი თქვა. მაგრამ ღონისძიებაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობს.

"თუ შემოქმედი, რომელსაც ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით, არის ადამიანის სიცოცხლის ავტორი, მაშინ როგორ შეგვიძლია ჩვენ, ვინც საკუთარ თავს მორწმუნეებს ვუწოდებთ, ამ სიცოცხლის განადგურებას დავეთანხმოთ?", - განაცხადა თავის მიმართვაში 85 წლის რომის პაპმა, რომელიც ყაზახეთში სამ დღეს დაყოფს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ნურ-სულთანში მიმდინარე კონგრესს მიმართა გზავნილით, რომელიც შეხვედრაზე წაიკითხეს. კირილმა გააფრთხილა კონგრესის მონაწილეები იმ პრობლემების თაობაზე, რომლებსაც იწვევს მცდელობა, "აშენდეს მსოფლიო, რომელიც საფუძველშივე არ ეყრდნობა მორალურ ღირებულებებს".

კირილმა გააკრიტიკა დასავლეთის საერო მენტალიტეტი და განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში განაპირობა რუსეთის საზღვრებზე არსებულმა საფრთხემ. თავის მიმართვაში კირილი ომს აღწერს, როგორც უცხოეთის ლიბერალური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ ბრძოლას, ისტებლიშმენტისა, რომელიც ჭარბი მოთხოვნებისა და თავისუფლების სამყაროზე წვდომის საფასურად თითქოს ქვეყნებისგან "გეი-აღლუმების" გამართვას მოითხოვდეს.

"ასეთმა მცდელობებმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიგვიყვანა საერთაშორისო ურთიერთობებში არა მხოლოდ სამართლიანობის დაკარგვამდე, არამედ სასტიკ დაპირისპირებამდე, სამხედრო კონფლიქტებამდე და სამყაროს სხვადასხვა წერტილში ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გავრცელებამდე", - წერს თავის მიმართვაში რუსეთის პატრიარქი.

24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ კირილმა რამდენჯერმე გამოუცხადა სოლიდარობა კრემლის პოლიტიკას ომის მიმართ, რასაც მოჰყვა პაპის მხრიდან შენიშვნა - პონტიფიკმა რუსეთის პატრიარქს მოუწოდა, არ გადაიქცეს კრემლის "საკურთხევლის ბიჭად".

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ვატიკანი გააფრთხილა, რომ ასეთი შენიშვნები ზიანს აყენებს ორ ეკლესიას შორის დიალოგს.

150-ზე მეტმა რუსმა მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა გამოთქვა ომის შეწყვეტისკენ მოწოდება 1 მარტს. კირილი მათ შორის არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG