თებერვალში, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მისი მრჩეველი დმიტრი კოზაკი კიევთან რუსეთისთვის ხელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ურჩევდა. თუმცა, პრეზიდენტმა მისი მოსმენა არ ისურვა. ამის შესახებ Reuters-ი რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
კოზაკი უკრაინაშია დაბადებული, მას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა უკავია და უკრაინის საკითხებს ხელმძღვანელობდა.
Reuters-ის ორი წყარო ირწმუნება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინოვნიკმა მოლაპარაკებებისთვის სრული „კარტ-ბლანში“ მიიღო და აცხადებდა, რომ შეთანხმდა უკრაინასთან, რომ ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდებოდა. თუმცა პუტინმა ომის გზა არჩია. მესამე წყარო კი ამტკიცებს, რომ ეს უკრაინაში შეჭრამდე მოხდა და არა მას შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩვლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა მოლაპარაკებები შეჭრის შესანიღბავად გამოიყენა, თუმცა მან არ უპასუხა კითხვებს მოლაპარაკებების არსზე და არ დაადასტურა წინასწარი შეთანხმების მიღწევა. „დღეს ჩვენ ნათლად გვესმის, რომ რუსული მხარე არასოდეს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობიანი მოგვარებით“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს, მოსკოვმა გამოხატა მზადყოფნა, ეწარმოებინა მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან ნეიტრალური სტატუსის აღიარებისა და განიარაღების თაობაზე. მოგვიანებით კრემლმა უკრაინის სრული დემილიტარიზაციისა და ქვეყნის რეჟიმის შეცვლის თაობაზე დაიწყო საუბარი.
სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა გაზაფხულზე. კიევი ახლა რუსული ჯარების სრულ გაყვანამდე შეთანხმებას შეუძლებლად მიიჩნევს.
აპრილში გამოცემა"Медуза თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კოზაკმა პრეზიდენტის კეთილგანწყობა დაკარგა და ჩამოაშორეს გადაწყვეტილების მიმღებთა სიას. პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს ცნობით, „კოზაკს თანამდებობა აქვს, მაგრამ არა - უფლებამოსილებები“.