Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიისა და პირადად პრეზიდენტ შტაინმაიერის გამორჩეული პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის, რაც მრავალწლიან კავშირებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

„[შეხვედრაზე] განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში. აღინიშნა გერმანიის პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოში როგორც გერმანიის მთავრობის, ისე სხვადასხვა ინსტიტუტისა და კერძო სექტორის მხრიდან. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიცაა გერმანული კომპანიების საქმიანობა საქართველოში. მხარეებმა ისაუბრეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანული ბიზნესის მეტად დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით", - ვკითხულობთ პრესრელიზში.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის განვითარების კუთხით საერთაშორისო განვითარების ბანკის (KfW), საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და სხვა გერმანული უწყებების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობა.

მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად გერმანიის მთავრობის ძალისხმევისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ოფიციალური ცნობით, მხარეები მიესალმნენ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG