Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიაში კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე.

„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან და რაც ხდება ამ ქვეყნებში ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა, ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოლაფ შოლცმა თქვა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს.

„ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გაზთან დაკავშირებით, ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში და ამისათვის ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას ევროპაში, რომელიც ურთიერთგაცვლას და იმპორტს შესაძლებელს გახდის. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდების შესახებ. ეს არის რაც ჩვენ ვისწავლეთ აქედან და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ჩვენ გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან, ნიდერლანდების, ბელგიისა და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. შტადში და სხვა ჩრდილოეთ გერმანულ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს”, - განაცხადა ოლაფ შოლცმა (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თარგმანი).

დაზუსტებული მონაცემებით, 14 სექტემბრის მდგომარეობით, 105-ს მიაღწია სომხეთის მხრიდან დაღუპულ იმ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვმა, რომლებიც აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან საზღვრისპირა ბრძოლებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ 14 სექტემბერს სომხეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სომხეთთან შეტაკებებში დაკარგა 50 სამხედრო.

აშშ და გაერო ორივე მხარეს მოუწოდებენ ბრძოლის შეჩერებისკენ, თუმცა 14 სექტემბერს, დილით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა სროლის განახლებაში.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის ამჟამინდელი ესკალაცია ყველაზე სისხლიან ბრძოლას წარმოადგენს მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის შემოდგომაზე ატეხილი 44 დღიანი ომის შემდეგ.

XS
SM
MD
LG