სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი საზაფხულო არდადეგების შემდეგ საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე განიხილავს ერთადერთ საკითხს - ე.წ. თავმჯდომარის, ალან ტადტაევის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
„დეპუტატები პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, პიოტრ გასიევისგან მოისმენენ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარის, ალან ტადტაევის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“, - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რეს-ს" დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურში. სხდომა ხუთშაბათს, 12:00 საათზეა დანიშნული.
ალან ტადტაევი წარმოადგენს პარტია „ედინაია ოსეტიას“ (ერთიანი ოსეთი), რომელსაც დე ფაქტო პარლამენტში უმრავლესობა აქვს და ის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტიაა. წინა ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ უმრავლესობა მიიღო და ტადტაევი ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობდა 2019 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ტადტაევი ბიბილოვის მეგობარია და მას დაძაბული ურთიერთობა აქვს ამჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან. - ამ ინფორმაციას ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი გვაწვდის. მისი თქმით, ტადტაევის მიერ თანამდებობის დატოვების სურვილი სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ მან ვერ „დაალაგა ურთიერთობა" გაგლოევთან. გაგლოევმა უკვე დანიშნა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და ტადტაევს მიანიშნეს, რომ პრობლემები შეექმნებოდა ბოლო წლებში მისი უეცარი გამდიდრებისა და კორუფციული სქემების გამო, თუ თანამდებობას არ დატოვებდა. წყაროს ცნობით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ტადტაევმა, რომ თანამდებობიდან წასულიყო.
დაწერეთ კომენტარი