ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება ხელისუფლებაში მყოფი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სატელევიზიო ინტერვიუს, რომლის ერთი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე და საქართველოში მომხდარ ომებთან დაკავშირებით საუბარს დაეთმო.
"კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში - უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს, უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს!" - წერს მელია ფეისბუკზე.
14 სექტემბერს "რუსთავი 2"-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში ომი მოსახლეობას არ სურს და განმარტა, რატომ თქვა წინა დღეს, რომ ამ საკითხზე პლებისციტს ჩაატარებდნენ.
"როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის...
როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი-2-თან" საუბარში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში "მეორე ფრონტის" საკითხს დაშვებული შეცდომების გადასაფარად იყენებს. მან 14 ივნისს აღნიშნა, რომ რუსეთთან "მეორე ფრონტის" გახსნის საფრთხე არ არსებობს და არც არავინ ითხოვს ამას საქართველოსგან.
"ეს არის ფორმა, რითაც ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაც წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს ეს "მეორე ფრონტის" რისკი, საფრთხე.
ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, რომ ხალხი ხელისუფლების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია", - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.
მმართველი პარტიიდან გამოყოფილი ოთხეულის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის აზრით, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს სურს.
ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს, რომლებშიც აშშ-ის საელჩოს მიმართ მუდმივი ბრალდებებია, "ქართული ოცნების" ლიდერები არ ემიჯნებიან.
დაწერეთ კომენტარი