Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად" - დეგნანი „ხალხის ძალის" განცხადებებზე


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა „ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, „ხალხის ძალის" განცხადებების შესახებ.

დიპლომატს მიაჩნია, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს მათ განცხადებებს, ამასთან, დეგნანი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

„უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხტა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია.

ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან", - განაცხადა კელი დეგნანმა („იმედის" თარგმანი).

ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, მაგრამ მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება.

ივანიშვილის განცხადებითვე, დღეს, როცა ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება მეტწილად გადაიტანოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, არ დაზიანდეს. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მისი თხოვნით შეხვდა 21 მარტს. ივანიშვილმა არ დაასახელა დეგნანთან შეხვედრის საფუძველი და შინაარსი.

28 ივლისს სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა ომში საქართველოს ჩართვაზე.

„ქართული ოცნებიდან" წასულმა ოთხმა დეპუტატმა (სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა) ელჩ კელი დეგნანის მისამართით არაერთი განცხადება გაავრცელა. მაგალითისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს ერთ-ერთ წერილში, რომლის ადრესატიც სწორედ კელი დეგნანი იყო, აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის.

მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ შეკითხვას 8 ივლისს უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“, - აღნიშნა ელჩმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეგნანის განცხადება დეპუტატის მისამართით შეურაცხმყოფელია.

XS
SM
MD
LG