16 სექტემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ს ეკუთვნის, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 56% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არასაკმარისი ძალისხმევა გასწია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია მოსახლეობის 62%-სთვის.
მოსახლეობის 71%-სთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება, თუმცა მხოლოდ 32 პროცენტი მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ
ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 75%, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს მოსახლეობის მეოთხედი (25%).
ევროკავშირის მსგავსად, ნატოში გაწევრიანების მომხრეა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, 69%. უმრავლესობა ნატოში ინტეგრაციის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს.
ამასთან, მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის.
კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.