Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმატებად შეფუთული უკუსვლა - შევისწავლეთ 3 ინდექსი, რომლითაც პრემიერი თავს იწონებს


საქართველოში მთავრობა ამბობს, რომ უფრო და უფრო კეთილსინდისიერი ხდება, დემოკრატია და მშვიდობა კი წლიდან წლამდე მყარდება. ასეა? გააჩნია, როგორ შევხედავთ. 3 „წარმატებიდან” ზოგი ბრწყინავს, მაგრამ ოქრო არ არის.

11 ივლისს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 წუთი ილაპარაკა საქართველოს ეკონომიკურ და დემოკრატიულ წარმატებებზე. ხელისუფლების „10-წლიანი სწორი პოლიტიკის” საილუსტრაციოდ, მან მოიყვანა 3 საერთაშორისო ორგანიზაციის ინდექსი. რადიო თავისუფლებამ სამივე შეისწავლა.

#1 “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი”

„საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში დაწინაურდა”, - თქვა პრემიერმა.

მთავრობის კეთილსინდისიერება ერთ-ერთი კომპონენტია, რომლითაც ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია “Heritage Foundation”-ი ზომავს ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს. თუ ძალიან გავამარტივებთ, იგი აჩვენებს, რამდენად იოლად შეუძლიათ მოქალაქეებს, გაყიდონ საკუთარი შრომა, საქონელი და მართონ კერძო საკუთრება.

ამ ინდექსის 12 კომპონენტი იზომება 100-ქულიანი სკალით და დაყოფილია 4 კატეგორიად: კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, სახელმწიფოს რეგულაციების ეფექტიანობა და ბაზრის თავისუფლების ხარისხი.

2022 წელს 12 კომპონენტიდან საქართველოს ქულა 8-ში ჩამოქვეითდა და მხოლოდ ერთში გაუმჯობესდა - სავაჭრო თავისუფლებაში.
2022 წელს 12 კომპონენტიდან საქართველოს ქულა 8-ში ჩამოქვეითდა და მხოლოდ ერთში გაუმჯობესდა - სავაჭრო თავისუფლებაში.

2022 წელს საქართველომ 71.8 ქულა მოაგროვა და 177 ქვეყანას შორის, 26-ე ადგილზეა, ევროპაში კი - ოცეულში, მე-18-ზე.

მაგრამ შარშან საქართველოს თითქმის 6 ქულით მეტი ჰქონდა. წელს კი 12 კომპონენტიდან 8-ში, მათ შორის, სწორედ მთავრობის კეთილსინდისიერებაში, მისი შეფასება გაუარესდა, 3-ში უცვლელი დარჩა და მხოლოდ ერთში, „სავაჭრო თავისუფლებაში” გაუმჯობესდა.

10 წლის მანძილზე საქართველოს საერთო ქულა 2.4-ით გაიზარდა
10 წლის მანძილზე საქართველოს საერთო ქულა 2.4-ით გაიზარდა

მთლიანობაში, „ქართული ოცნების” პირველ წელთან შედარებით, საქართველოს ქულა სულ ოდნავ გაუმჯობესდა.

#2 “სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი” (აფასებს კორუფციის რისკებს)

პრემიერის თქმით, „მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 14 სახელმწიფოს ვუსწრებთ”.

„გამჭვირვალობის ინდექსთან” ერთად, „სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით” ევროპის ანტიკორუფციული ცენტრი კორუფციის რისკებს ზომავს.

რაც მეტად აკონტროლებს საზოგადოება კორუფციას, და რაც უფრო კეთილსინდისიერად (გამჭვირვალედ, სამართლიანად, საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად) ნაწილდება საჯარო რესურსები, მით უფრო კეთილსინდისიერია სახელმწიფო.

ანტიკორუფციული ცენტრი განმარტავს - ამისთვის, აუცილებელია, ქვეყანა ერთი მხრივ ებრძოდეს კორუფციას, მეორე მხრივ კი, უმარტივებდეს საზოგადოებას მასზე ზედამხედველობას (მაგალითად, ზრუნავდეს სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობაზე).

2022 წლის რეიტინგში საქართველო 32-ეა და მართლაც უსწრებს ნატოსა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. მეტიც, ორ ქვეკომპონენტში, საბიუჯეტო ხარჯების ღიაობით და ციფრული მოქალაქეობით (ანუ ინტერნეტის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით) საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველია.

როგორ ანგარიშობენ კეთილსინდისიერების ინდექსს? მაგალითად, რაც უფრო ხელმისაწვდომია ონლაინსერვისები, მით უფრო იზღუდება შესაძლებლობები კორუფციისთვის. რაც უფრო თავისუფალია სასამართლო და მედია, მით უფრო შეუძლია საზოგადოებას კორუფციის კონტროლი.
როგორ ანგარიშობენ კეთილსინდისიერების ინდექსს? მაგალითად, რაც უფრო ხელმისაწვდომია ონლაინსერვისები, მით უფრო იზღუდება შესაძლებლობები კორუფციისთვის. რაც უფრო თავისუფალია სასამართლო და მედია, მით უფრო შეუძლია საზოგადოებას კორუფციის კონტროლი.

კორუფციის პროგნოზში წერია, რომ კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის მიუხედავად, „ბოლო ტენდენციები აჩვენებს უკუსვლას სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით და ასევე ღრმა კავშირებს ოლიგარქიასა და მთავრობის ძალაუფლებას შორის”.

#3 მშვიდობის ინდექსი

პრემიერ-მინისტრი: „გლობალური მშვიდობის წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით არის მსოფლიოში მეორე. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველი დასახელდა”.

როგორ იზომება მშვიდობის ინდექსი? საერთაშორისო ორგანიზაცია „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ ამისთვის აკვირდება განწყობებს ქვეყანაში, დევნილების რაოდენობას, ძალადობრივ დემონსტრაციებს, ქვეყნის ურთიერთობას მეზობლებთან და კიდევ ოცამდე ინდიკატორს.

2012 წელს საქართველო ამ ინდექსით 141-ე იყო და მისი პოზიციები იმის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა. 2022 წელს ის 95-ეა. თუმცა ანგარიშში არ არის ნახსენები, რაც პრემიერმა თქვა - რომ საქართველო მსოფლიოში პროგრესით მეორეა.

თანაც, წინა წელთან შედარებით, საქართველო 9 პოზიციით ჩამოქვეითდა.

„თავის რეგიონში” [მშვიდობის ინსტიტუტი ამაში გულისხმობს „რუსეთსა და ევრაზიას” - რ.თ.] საქართველო მეექვსეა 12 ქვეყანას შორის. უკვე 15 წელია, რეგიონის უცვლელი ლიდერი მოლდოვაა. მეორე ადგილზე სომხეთია.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG