Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1350 თუ 40-ჯერ მეტი - რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში?


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, “სპეცოპერაციას” უკრაინაში 1351 რუსი სამხედრო ემსხვერპლა. მონაცემები 25 მარტის შემდეგ აღარ განახლებულა. სულ ახლახან, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროდან გამოჟონილი საბუთებიდან ირკვევა, რომ დაღუპულთა რიცხვი თითქმის 50 ათასს აღწევს.

იმავეს ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროც.

მილიარდები დაღუპულთა ოჯახებს

უკრაინაში 48 759 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს რიცხვი ნახსენებია წერილში, რომელსაც რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ხელმოწერა აქვს. წერილიდან ვიგებთ, რომ რუსული სახელმწიფო თითოეული დაღუპულის ოჯახს უხდის 7.4 მილიონ რუბლს, ანუ თითქმის 370 ათას ლარს. მარტის დასაწყისში, მათ იმავე თანხას ჰპირდებოდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც.

წერილს აქვს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ირინა ოკლადნიკოვას ხელმოწერა
წერილს აქვს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ირინა ოკლადნიკოვას ხელმოწერა

“ამრიგად, ამ დროისთვის გადახდილია ან უახლოეს ხანებში გადასახდელია 361,9 მილიარდი რუბლი”, - ნათქვამია 26 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში. მისი ადრესატია რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერი, დმიტრი გრიგორენკო.

თუმცა, მედიაპლატფორმამ “პროვერენო”, რომელიც ფაქტებს ამოწმებს, საბუთში უზუსტობები აღმოაჩინა. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროსთან მუშაობაზე გრიგორენკო არაა პასუხისმგებელი. ასევე, ტექსტში დაშვებულია ბეჭდური შეცდომა (2022 წლის ნაცვლად 20212 წერია), რაც ფაქტჩეკერების აზრით, “ამ დონის ქაღალდებში იშვიათად ხდება”.

დადასტურებულად - 6024

სხვადასხვა წყარო უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ განსხვავებულ ვერსიას ასახელებს. რუსეთმა მონაცემები ოფიციალურად სულ ორჯერ გამოაქვეყნა.

თავდაცვის სამინისტრომ ჯერ 2 მარტს განაცხადა 498 დაღუპული სამხედროს შესახებ, 25 მარტისთვის კი ეს რიცხვი 1351-მდე გაზარდა. 1 ივნისს, რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რუსეთმა “საბრძოლო ტაქტიკა შეცვალა” და იქიდან მოყოლებული, “ადამიანებს თითქმის აღარ კარგავს”.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, კოლინ კალმი ჯერ კიდევ 8 აგვისტოს დარწმუნებული იყო, რომ რუსეთმა მთლიანობაში დაკარგა 80 ათასამდე ჯარისკაცი. ოღონდაც, მისი თქმით, ეს დაღუპულების და დაჭრილების საერთო რიცხვია.

50 ათას დაღუპულზე საუბრობს უკრაინის თავდაცვის გენშტაბი. ამის შესახებ მათ 6 სექტემბერს განაცხადეს, თუმცა უკრაინა არ აკონკრეტებს, როგორ ითვლის მოწინააღმდეგის დანაკარგებს.

ყველაზე დამაჯერებელი გამოთვლები BBC-ის რუსულ სამსახურს აქვს. 2 სექტემბრისთვის, მათ დაადასტურეს 6024 ჯარისკაცის დაღუპვა.

BBC წერს, რომ ყოველკვირა, რუსეთის დასახლებულ პუნქტებიდან აგროვებენ ინფორმაციას რუსი ჯარისკაცების დასაფლავების შესახებ. მათი დაღუპვის დეტალებს ამოწმებენ ადგილობრივ ბლოგერებთან, ნათესავებთან, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სადაც ჯარისკაცები ადრე სწავლობდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლებები, მსგავს ინფორმაციას, როგორც წესი, მალავენ ხოლმე. ამიტომ BBC-ის ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ სინამდვილეში გაცილებით მეტი ჯარისკაცი უნდა იყოს დაღუპული, ვიდრე მათ დაადასტურეს.

“არაფერი დაგვიკარგავს”

სანამ რუსეთის ოფიციალური უწყებები დუმან დაღუპულთა რიცხვზე, აშშ-ის თეთრი სახლის წარმომადგენელი, ჯონ კირბი ამბობს, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, “პუტინისთვის სულ უფრო რთულია მარცხის დამალვა”.

თუმცა პუტინი რიტორიკას ჯერჯერობით არ ცვლის. 7 სექტემბერს, ქალაქ ვლადივოსტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, მან განაცხადა, უკრაინაში შეჭრით არაფერი დაგვიკარგავსო.

“მგონია, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არაფერს არ დავკარგავთ. შეძენის კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი ჩვენი სუვერენიტეტის გამყარებაა და ეს გარდაუვალი შედეგია იმის, რაც ახლა ხდება”, - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

რუსი პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, ბორის ვიშნევსკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი “სულ უფრო შორდება რეალობას”.

“მხოლოდ ოფიციალური რიცხვებიც რომ ავიღოთ, რომელსაც ჩვენი თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს… ან ავიღოთ უფლებადამცველების, ჟურნალისტების მიერ ღია წყაროებში შეგროვებული ცნობები დაღუპულთა შესახებ, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება არც კი უარყოფს… ამ ფონზე პრეზიდენტის სიტყვები, რომ არაფერი დაგვიკარგავს, ძალიან უცნაურად ჟღერს”, - უთხრა ბორის ვიშნევსკიმ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG