"გირჩის" წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დღეს, 20 სექტემბერს, სახალხო დამცველის პოსტზე თავისი კანდიდატურა პარლამენტის სხდომაზე დააყენა.
ხვიჩიას თქმით, ვინაიდან „გირჩმა“ ვერავინ ნახა ისეთი, ვისაც შეიძლება მხარი დაუჭიროს, ამიტომ გადაწყვიტა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურად საკუთარი თავი წარადგინოს. ხვიჩიამ მხარდაჭერისკენ სხვებსაც მოუწოდა. მან განმარტა, რომ მისი და მისი პარტიის ხედვით, სახალხო დამცველის მუშაობის მთავარი ფოკუსები სასამართლოს დამოუკიდებლობა და პატიმრების უფლებები უნდა იყოს.
„ჩვენ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთი რამისთვის გვჭირდება და ეს არის სასამართლოს სისტემის კონტროლი, სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემა. არცერთი სხვა თემა იმ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს.
ჩვენი დიდი ხანი ვიფიქრეთ, ვინ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რომელსაც მხარს დავუჭერდით და ჩვენი პოზიციით ვიმოძრავებდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც აქვს სახალხო დამცველს, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდება და სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან ქვეყანაში რეალურად რამე გააკონტროლოს, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ, ვერავის ვერ ვენდობით. არავინ არ გვყავს ასეთი კანდიდატი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი გავაკეთოთ.
ამიტომ მე „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და გთხოვთ მხარდაჭერას ყველა პარტიიდან. მგონია, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა ვარჩევდეთ სახალხო დამცველს და ამ დარბაზში [პარლამენტში] ჩვენს შორის უნდა ირჩეოდეს და ნებისმიერი სხვა პროცესი, რომელიც ინიცირებულია არასამთავრობოების მიერ, არასწორია. ჩვენ არ ვართ ასეთი სისტემის ქვეყანა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, თუკი ომბუდსმენი გახდება, “მეორეხარისხოვანი და თითიდან გამოწოვილი პრობლემები” აღარ იქნება დღის წესრიგში.
„ჩათვალეთ, რომ თუ ამირჩევთ, მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები არიან, ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან, ეთნიკური უმცირესობები არიან თუ და ა.შ. ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა, იმიტომ რომ ყველა ზემოთჩამოთვლილს ჩვენ როგორც ადამიანებს, ისე ვუყურებთ“, - განმარტა ხვიჩიამ.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა.