Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა რუსეთს ზურგიდან დაიცავს, თუმცა ფრონტზე არ დაეხმარება


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ვლადიმირ პუტინი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ვლადიმირ პუტინი

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც მოსკოვის მტკიცე მოკავშირეა, კვლავ გაიმეორა, რომ არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, თუმცა არც იმას დაუშვებს, რომ უკრაინაში მყოფ რუსეთის ჯარებს მისი ქვეყნიდან ზურგში დარტყმა მიაყენონ.

„და კვლავ, არ არის საჭირო საყვედურები, რომ ჩვენ უკრაინაში ომს ვაპირებდეთ. ჩვენ საკუთარი სამშობლო უნდა დავიცვათ. რაც შეეხება რუსეთის მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ ვადასტურებ: ბელარუსიდან რუსეთის ჯარებს ზურგიდან, გვერდებიდან, ფლანგებიდან არავითარი დარტყმა არ უნდა მიადგეთ. და არც მიადგებათ. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მოკავშირეებისადმი“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 20 სექტემბერს ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანთან გამართული სამუშაო შეხვედრის დროს.

ლუკაშენკას ეს განცხადება დაემთხვა სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, ბელარუსის ლიდერმა შესაძლოა 12-15 ათასი ბელარუსი სამხედრო ჩააბას უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაგრამ უკრაინაში აცხადებენ, რომ ასეთი ნაბიჯი მხოლოდ დააჩქარებს ბელარუსი ავტოკრატი ლიდერის კრახს, რომლის არმიას უკრაინაში იგივე ბედი ელის, რაც რუსეთისას, რომელიც მარცხს მარცხზე განიცდის.

რატომ არ სჯერათ ლუკაშენკასი უკრაინაში?

ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსეთ-უკრაინას შორის „მინსკის შეთანხმებით“ ცნობილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავალი იყო, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ინტერვენციის დროს უპირობოდ დადგა რუსეთის ლიდერის მხარეზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის არმია ოფიციალურად არ ჩაბმულა უკრაინის წინააღმდეგ ომში, ლუკაშენკამ და მისმა გენერლებმა, დაპირების მიუხედავად, მათი ტერიტორიიდან შეტევისთვის გზა გაუხსნეს რუსეთის სახმელეთო ძალებს და ავიაციას.

„ლუკაშენკას სიტყვებისა უკრაინაში არც პოლიტიკოსებსა და არც სამხედროებში თეორიულადაც კი არავის სჯერა, რადგან ბელარუსმა სამხედროებმა და პირადად ლუკაშენკამ ერთხელ პრაქტიკულად უკვე უღალატეს უკრაინას. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ 24 თებერვლამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე, ბელარუსული სახელმწიფო არხებით ამტკიცებდნენ, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან არ დაუშვებდნენ უკრაინაზე არავითარ იერიშებს. ამის თაობაზე ბელარუსის შეიარაღებული ძალების სარდალი და თავდაცვის მინისტრი სამთავრობო არხებით ატყობინებდნენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე პირადად მოახსენა უკრაინელ კოლეგას, რომ მათი მხრიდან არ იქნებოდა არავითარი ქმედება და ის პირადად იძლეოდა ამის გარანტიას. და ამის შემდეგ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობამ პირადად დაადანაშაულა თავისი ბელარუსი კოლეგა ოფიცრის კოდექსის დარღვევაში სწორედ იმის გამო, რომ მისი ამ დაპირებიდან რამდენიმე საათში რუსეთის არმიის ქვედანაყოფები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან შემოიჭრნენ და რუსეთის ავიაციაც ბელარუსის ტერიტორიიდან ახორციელებდა იერიშებს“, - იხსენებს მიხაილო სამუსი, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბრის დროს ლუკაშენკა მთლიანობაში ეთანხმებოდა მოსკოვის გადაწყვეტილებას, დაეწყო შეჭრა, რაც, ბელარუსის ლიდერის თქმით, „კიევის მიერ იყო პროვოცირებული“.

მაგრამ როგორც კი რუსეთის არმიის ბლიცკრიგი უკრაინაში ჩაიფუშა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა არმიამ უკრაინის არმიის კონტრშეტევებით ნელ-ნელა დაიწყო დიდი დანაკარგებით უკანდახევა, ლუკაშენკამ საჯაროდ დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ქება. „ძალიან ეფექტიანად მოქმედებენ უკრაინის მობილური ჯგუფები. ისინი მოულოდნელად და ელვისებურად უახლოვდებიან მოწინააღმდეგეს, რომელიც მათ რიცხობრივად აღემატება და გამაოგნებელ დარტყმას აყენებენ - განსაკუთრებით ზურგში მობილიზებულ არმიას“, - უთხრა მაისის დასაწყისში სამხედრო მაღალჩინოსნებს ლუკაშენკამ და მათ ბელარუსის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება მოსთხოვა.

ლუკაშენკას არ დაუზუსტებია, თუ რა ჰქონდა მხედველობაში. მაშინაც და ახლაც იგი ყველა შეხვედრაზე იმეორებს, რომ ბელარუსის არმია არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღებას.

პირიქით, ლუკაშენკა მიანიშნებს, რომ შეტევა სწორედ უკრაინიდან არის მოსალოდნელი, რისთვისაც ქვეყნის სამხედრო ძალებს შესაბამისი ამოცანები დაუსახა.

„მე დაგავალეთ თქვენ, თავდაცვის სამინისტროს, ყველა ძალოვან სტრუქტურას, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სპეცოპერაციისას მიღებული მთელი გამოცდილების გათვალისწინებით, პრაქტიკაში დამუშავდეს ჩვენი მოქმედება უკრაინის საზღვართან. ჩვენ იქ უკვე გვქონდა გარკვეული წინააღმდეგობის, მათ შორის, საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის შექმნისა და საზღვის დაცვის გამოცდილება“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 20 სექტემბერს უშიშროების საბჭოში გამართულ თათბირზე, რომელზეც მოითხოვა, რომ ბელარუსიდან რუსეთის ჯარებს ზურგიდან, გვერდებიდან და ფლანგებიდან არავითარი დარტყმა არ უნდა მიადგეთ.

„ამჟამად ლუკაშენკას მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ის მზად არის ილაპარაკოს ყველაფერი, მათ შორის ის, რომ მისი ტერიტორიიდან უკრაინაზე არ განხორციელდება შეტევა და რომ იგი არ დაუშვებს, რომ უკრაინის არმიამ ფლანგებიდან დაარტყას რუსეთის არმიას. მთელი მისი საუბარი ტრიალებს ერთი პრობლემის გარშემო - რომ როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება და გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე. მით უფრო, რომ ახლა პუტინიც პანიკაშია და არ იცის, რა მოუხერხოს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ თავის ჯარებს, რომლებსაც სხვა არაფერი შეუძლიათ შესთავაზონ მას, გარდა უკანდახევისა, რომლის დროსაც დიდძალ ცოცხალ ძალას და ტექნიკას კარგავენ“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

ლუკაშენკა არმიასაც დაკარგავს და საკუთარ თავსაც

მაგრამ არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის თანახმად ლუკაშენკამ უკრაინის წინააღმდეგ ომში შესაძლოა 12-15 ათასამდე ბრძოლისუნარიანი მებრძოლით დაკომპლექტებული არმია ჩააბას.

ასეთ მოსაზრებას იზიარებს სერგეი ბულბა, ბელარუსი ოპოზიციონერი და ორგანიზაცია „თეთრი ლეგიონის“ მეთაური.

მისი აზრით, ლუკაშენკას უკრაინის წინააღმდეგ შეუძლია ჩააბას ქვეყნის ყველაზე ბრძოლისუნარი ქვედანაყოფები - არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების სამი ბრიგადა, რომლებიც მუდმივად ატარებენ ვარჯიშებს რუსულ სამხედროებთან ერთად. ბელარუსში ამ ჯარების რაოდენობა 9 ათასზე მეტია. გარდა ამისა, ბულბას აზრით, ლუკაშენკას უკრაინის წინააღმდეგ შეუძლია მიიზიდოს 120-ე გვარდიული მოტომსროლელი ბრიგადა.

თავისი ძალაუფლების გადასარჩენად და პუტინისთვის ერთგულების დასამტკიცებლად, ლუკაშენკა, შესაძლოა, წავიდეს ამგვარ ნაბიჯზე, თუმცა, როგორც უკრაინელი ექსპერტი აცხადებს, უკრაინაში სამხედრო ძალის გაგზავნოთ ბელარუსი ავტოკრატი ლიდერი არმიასაც დაღუპავს და საკუთარ თავსაც.

„ლუკაშენკა, რომელიც სრულად არის პუტინზე დამოკიდებული, ამჟამად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამ ვითარებაში ის ნეიტრალური ფიგურაა და მხოლოდ ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ფიქრობს და არც ერთ მხარეზე თავდასხმას არ დაუშვებს, რისთვისაც მზად არის ყაზარმებიდან გამოიყვანოს სამხედრო ძალები. სხვათა შორის, ამ მიზნით ლუკაშენკამ ერთი კვირით გააგრძელა სამეთაურო-საშტაბო სწავლებები. მაგრამ, ამ სწავლებებზე მუშავდება საიერიშო-საშტურმო მოქმედებები”, - ამბობს მიხაილო სამუსი.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ერთი კვირით, 24 სექტემბრამდე გააგრძელა რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, რომელიც თავდაპირველი გეგმით უკრაინის საზღვართან 8-14 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში ეს სწავლება ყურადღებიდან არ გამორჩენიათ მით უფრო იმ ლეგენდის გამო, რომელიც ერთ-ერთი სცენარის თანახმად, „მანევრული თავდაცვიდან კონტრიერიშზე შეტევის“ ამოცანების დამუშავებას და „პირობითი ქვეყნის ტერიტორიაზე დაკარგული მიწების ნაწილის გათავისუფლებას“ ითვალისწინებს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, შესაძლოა საუბარი შეეხებოდეს თავდასხმას ბელარუსის მოსაზღვრე უკრაინის ჟიტომირის, ვოლინისა და როვნოს ოლქების რამდენიმე რაიონზე.

„აშკარაა, რომ ეს არის პუტინის მოთხოვნა, რომ ბელარუსის ჯარი მზად იყოს უკრაინის ტერიტორიაზე შეტევისთვის. მაგრამ ლუკაშენკას უნდა ესმოდეს, რომ ასეთი შეტევა გამოიწვევს მის ფაქტობრივ კრახს. ეს იქნება შეუქცევადი პროცესი, რადგან ბელარუსის არმიას არ ძალუძს უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლა და ვერც უკრაინის არმიის კონტრშეტევებისას დაიცავს თავს. ხარკოვის ოლქის მაგალითზე უკრაინის არმიამ აჩვენა, თუ როგორ უნდა ტარდებოდეს საბრძოლო მოქმედებები 21-ე საუკუნეში“, - დასძენს მიხაილო სამუსი.

უკრაინის არმიამ სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც რუსეთი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში აკონტროლებდა და ეს ტერიტორია დაიბრუნა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ხარკოვის ოლქის ბალაკლეისა და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა „გადაჯგუფება“ დონეცკის მიმართულებით „ძალისხმევის გასაძლიერებლად“.

მაგრამ უკრაინა მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს.

14 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმს ეწვია და განაცხადა, რომ იზიუმის მსგავსად, უკრაინის არმია ყველა ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქსა და სოფელს გაათავისუფლებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG