ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
არაოფიციალური ინფორმაციით, კაცი, რომელიც 20 სექტემბერს, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, გრიგოლ ნარსიაა. შსს ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებული არის 1985 წელს დაბადებული გ.ნ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, რომელიც ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან იმყოფებოდა, მედიასთან კომენტარი გააკეთა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების საკითხზე.
შეკითხვაზე, არის თუ არა დაკავებული შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი, დარახველიძე უპასუხებს: „არ არის ის მოქმედი თანამშრომელი“. მინისტრის მოადგილემ არ დააზუსტა, არის თუ არა ის დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. „ამის შესახებ შემდგომში გავრცელდება ინფორმაცია“, - თქვა მან.
თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ შენობაში დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა. ის თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა.
„საქართველო ბანკი" სპეცოპერაციის დასრულებას ეხმაურება
გაეროს გენერალური ასამბლეის დებატები დაიწყო
ნიუ-იორკში დაიწყო გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია. მოსალოდნელია, რომ წლევანდელი დისკუსიების ფოკუსში მოექცევა ომი უკრაინაში, კლიმატური ცვლილებები და ბირთვული განიარაღების საკითხი.
გაეროს ასამბლეაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის უკვე აშშ-ში იმყოფება და სიტყვით გამოვა ხვალ, 22 სექტემბერს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ ასამბლეა ტარდება "უდიდესი საფრთხის დროს", როცა მსოფლიოში ომი მძვინვარებს, კლიმატური ქაოსი და სიღარიბეა.
რუსეთი სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვით იქნება წარმოდგენილი, რომლისთვისაც აშშ-ის ვიზის მიღების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი იდგა.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
უკრაინის მოსახლეობის 92% ემხრობა ევროკავშირის წევრობას, ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს 79%
უკრაინის მოსახლეობის 92%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს 79%.
ამას მოწმობს საზოგადოებრივი აზრის საგანგებო გამოკითხვა, რომელიც ჩაატარეს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა.
როგორც გაზეთი „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, გამოკითხულთა 92%-ს სურს, რომ უკრაინა 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი. წინა ასეთი გამოკითხვა მაისში გაიმართა. მაშინ ევროკავშირის წევრობას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 90%-მა.
უკრაინელთა 79%-ს სურს, საკუთარი ქვეყანა ნატოში იხილოს 2030 წლამდე. მაისში მათი რაოდენობა 73% იყო.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში
საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით 3-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული ცვლილებების აუცილებლობას "ქართული ოცნების" დეპუტატები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით ხსნიან, მედიის წარმომადგენლები კი დაგეგმილ ცვლილებებში ცენზურის შემოღების საფრთხეს ხედავენ იმის გამო, რომ რიგი საკითხები, რაც ახლა მედიის თვითრეგულირების სფეროს ეკუთვნის, სახელმწიფო რეგულირების ქვეშ ექცევა და მარეგულირებელი კომისიის კონტროლს ექვემდებარება.
კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამების და რეკლამის გავრცელება, მაუწყებელს ეკრძალება მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედება და ევალება "ჯეროვანი სიზუსტის" დაცვა. ასევე კანონს შემოაქვს "პასუხის უფლება", რაც ადამიანს, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ მაუწყებელმა მასზე არასწორი ინფორმაციის გადაცემით ზიანი მიაყენა, უფლებას აძლევს მაუწყებელს მოსთხოვოს “მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა“.
რატომ უნდა ეშინოდეს პუტინს პუგაჩოვასი?
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით არსებითი პრობლემები არ შეჰქმნია. მკაცრი სასჯელისა და სასტიკი დარბევის შიშით მალევე შეწყდა ისედაც მცირერიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები, ცალკეული არტისტების მოზომილ განცხადებებს კი დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. ვითარება შეიძლება შეცვალოს ცნობილი რუსი და საბჭოთა მომღერლის, ალა პუგაჩოვას ღიად კრიტიკულმა პოზიციამ და რუსეთის იუსტიციის სამინისტროსათვის გაგზავნილმა გამომწვევმა მიმართვამ.
73 წლის ალა პუგაჩოვა - საბჭოთა და რუსი ესტრადის მომღერალი, კომპოზიტორი, ესტრადის რეჟისორი, პროდიუსერი, კინომსახიობი, ტელეწამყვანი და სსრკ-ის სახალხო არტისტი, ღიად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში შეჭრის გამო, თუმცა პუგაჩოვამ რუსეთის მთავრობას სარკაზმით სავსე კრიტიკული წერილით მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც იუსტიციის სამინისტრომ მომღერლის ქმარი, კომიკოსი მაქსიმ გალკინი უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა.
„მიმართვა რფ-ის იუსტიციის სამინისტროს: გთხოვთ ჩამრიცხოთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელ აგენტთა რიგებში, რამეთუ სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს ქმარს, პატიოსან, წესიერ და გულწრფელ ადამიანს, რუსეთის მოუსყიდველ და ნამდვილ პატრიოტს, რომელიც სამშობლოს მხოლოდ აყვავებას, მშვიდობიან ცხოვრებას და სიტყვის თავისუფლებას უსურვებს და, რომელიც ითხოვს ჩვენი ბიჭების ხოცვის შეწყვეტას იმ ილუზორული მიზნებისათვის, რომლებიც რუსეთის გარიყვას და მისი მოქალაქეების ცხოვრების დამძიმებას იწვევს“.
წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
ტასო გომელაური კერამიკოსია. 7 წლის წინ ირინა ჯიბუტთან ერთად კერამიკის სტუდია გახსნა, შემდეგ თანამედროვე კერამიკის გალერეა. მშობლების, ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის გზას არ გაჰყვა და მსახიობის პროფესია არ აურჩევია. 18 წლის იყო ტასო, როცა მამა გარდაეცვალა.
დღეს, „შვილის“ ახალ ეპიზოდში, ტასო გომელაური ცდილობს ახსნას ნიკო გომელაურის პოპულარობის საიდუმლო და გვიამბოს კაცზე, რომელიც, როგორც თავად აღიარებს, ყველაზე მეტად უყვარდა.