Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა


ფოტო არქივიდან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
ფოტო არქივიდან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში. როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს, ლავროვის თვითმფრინავი რუსეთიდან აშშ-მდე ჩრდილოეთის გზით, „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გვერდის ავლით, 12 საათში ჩავიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და ოცამდე ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ვისთან, ზახაროვას არ უთქვამს.

ნიუ-იორკში იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი განცხადებით, ლავროვთან კონტაქტს არ აპირებს.

უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ-ს რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის ლავროვის წინააღმდეგ სავიზო სანქციები აქვს დაწესებული. გასულ კვირაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-მა სერგეი ლავროვს ვიზა მისცა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მიზნით ნიუ-იორკში გასამგზავრებლად. დღეს, 21 სექტემბერს, სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიასაშუალებებს აცნობა, რომ აშშ-მა ვიზა არ მისცა ოფიციალური დელეგაციის 10-დან 2 წევრს.

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. დღეს, 21 სექტემბერს ასამბლეას ონლაინ მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 210 დღის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.

XS
SM
MD
LG