Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფატალური ფრენა


ავტორი: ნანა აკობიძე

1993 წლის 21 სექტემბერს ამერიკელი ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი სოხუმში დაიღუპა. თვითმფრინავი, რომელშიც ის იჯდა, საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს.

სამგზავრო თვითმფრინავი Ty-134A-3 აფხაზმა სეპარატისტებმა აეროპორტში დაშვებამდე, 300 მეტრი სიმაღლიდან ჩამოაგდეს. ეკიპაჟის 5 წევრი და 22 მგზავრი - ყველა დაიღუპა. მათ შორის იყო The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად სოხუმისკენ მიემგზავრებოდა.

„...5 დღე იწვა სოხუმის აეროპორტის მახლობლად, სახელდახელოდ გათხრილ საფლავში, სანამ მისი კოლეგები და მშობლები მიხვდნენ, რომ ალექსანდრა დაიკარგა. თვითმფრინავი ორად იყო გადახსნილი. აეროპორტი საარტილერიო ცეცხლში იყო გახვეული. ვიღაცამ შემთხვევით იპოვა მისი დაზიანებული ამერიკული პასპორტი და ძაღლის ფოტო... ...ჩვენ სარაევოში გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ მე ჩრდილოეთ ბოსნიაში გავემგზავრე, ის კი დაბრუნდა პარიზში, სახლში, სადაც თავისი საყვარელი ძაღლი ჯორჯი ელოდებოდა. ...ალექსანდრა გადარჩენილი (A survivor) მეგონა. ჩვენ, ჟურნალისტები, იმ დღეებში ასე მოვიხსენიებდით ადამიანებს. ასე, რომ ძნელი დასაჯერებელი იყო ის პატარა აბზაცი, რომელიც ერთ-ერთ ლიბანურ გაზეთში წავიკითხე მისი დაღუპვის შესახებ. შეუძლებელია. გადარჩენილებს არ კლავენ. “- წერდა მოგვიანებით ბრიტანელი მწერალი და ომის ჟურნალისტი რობერტ ფრისკი (ბრიტანული The Independent-ის კორესპონდენტი, მუშაობდა ცხელ წერტილებში. მისი ცნობილი ფრაზაა: „სიმართლეს ვერ მიუახლოვდები იქ ყოფნის გარეშე“. გარდაიცვალა 74 წლის ასაკში, 2020 წელს).

ინტერნეტში ალექსანდრა ტატლის ერთადერთი ფოტო იძებნება: ჟურნალისტი ხორვატიაში, სერბულ სოფელში გამაგრებული ჯარისკაცების გარემოცვაშია გადაღებული. ფოტოს ავტორი ფრანგი ფოტოგრაფი არნო ბეინათია, რომელიც დღესაც აგრძელებს რეპორტიორობას. „ეს ერთადერთი ფოტო მაქვს, რომელზეც მისი სახე მკვეთრად ჩანს. ამდენი წელი გავიდა და მე ის არ დამვიწყებია. მაშინ მხოლოდ 32 წლის იყო“- ამბობს არნო და გვპირდება, რომ აუცილებლად მოგვწერს ვრცელ მოგონებას ალექსანდრას შესახებ (ფოტოგრაფს ცხელ წერტილებში მუშაობის გამოცდილება 30 წლის შემდეგაც გამოადგა - ერთ-ერთი ფრანგული სატელევიზიო პროექტისთვის ყოველდღიურად, მეხანძრეებთან ერთად გადიოდა გამოძახებებზე და იღებდა ცეცხლს და მასთან მებრძოლ ადამიანებს).

„შემთხვევა თუ ბედისწერა?“- სვამდა კითხვას გელა ჩარკვიანი წიგნში „ნაგერალა“, რომელშიც ალექსანდრა ტატლის საქართველოში ჩამოსვლას იხსენებს:

„1993 წლის სექტემბერში პარიზიდან ამერიკელმა ჟურნალისტმა გოგონამ დაგვირეკა სახელმწიფოს მეთაურის აპარატში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს ვხელმძღვანელობდი და შემევედრა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ თუმცა დროის სიმცირის გამო ეს თითქმის შეუძლებელი იყო, იქნებ მომეხერხებინა ჩვენი ვიზის მიცემა მისთვის იმავე დღეს. „...ხვალ უკვე თბილისში ვიქნები და მივუსწრებ სოხუმის თვითმფრინავს. ძალიან გთხოვთ, ეს ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი მომენტია!“ - ამ საკითხის მოგვარება ჩემს მოადგილეს უწესიერეს კაცს შალვა ფიჩხაძეს დავავალე. მან აიკლო საგარეო საქმეთა სამინისტრო და შეძლო, სრულიად უიმედო სიტუაციაში მოეხდინა ბიუროკრატიული სასწაული. ამერიკელი გოგონა თბილისშიც ჩამოფრინდა და სოხუმშიც გაფრინდა. სწორედ იმ Ty 134-ით“...

შალვა ფიჩხაძე, როგორც მისი მეუღლე ლიკა წერეთელი ამბობს, სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა ამ ტრაგედიას (გარდაიცვალა 2009 წელს, 55 წლის ასაკში) და საკუთარ თავს ეკითხებოდა, რა მოხდებოდა, რომ არ მოენდომებინა, უგულოდ მისდგომოდა ამ საქმეს და არ დახმარებოდა ალექსანდრას საქართველოში ჩამოსვლაში.

რობერტ ფრისკი იხსენებდა, რომ იმ დღეს თვითმფრინავით სოხუმში კიდევ ერთი გერმანელი ჟურნალისტი გეგმავდა გაფრენას, რომელმაც ბოლო წუთებში გადაიფიქრა და იმავეს ურჩევდა ალექსანდრასაც: „გული ცუდს მიგრძნობსო.“

„როცა ამგვარი რამ ხდება, შენდაუნებურად ფატალიზმისკენ იხრები,“ - წერს გელა ჩარკვიანი.

MEMORIAL ID 179378556 - ეს ალექსანდრას საფლავია მერილენდის შტატში, ჩესტერთაუნის წმინდა პეტრეს სასაფლაოზე. დაბადების თარიღი: 1954 წლის 13 მაისი, გარდაცვალების თარიღი: 1993 წლის 21 სექტემბერი ( 39 წლის). საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში ალექსანდრას საფლავის გვერდზე სიმბოლური ყვავილების (ემოჯის) დატოვებაცაა შესაძლებელი, ტექსტთან ერთად.

„არ დაგივიწყებ, ალექსანდრა“ - ეს პირველი ტექსტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამ გვერდზე დავტოვე.

მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ფეისბუქ-გვერდზეც დავწერე და ლინკიც მივუთითე, ალექსანდრა ტატლისთვის სიმბოლური ჟესტით პატივის მიგების სურვილი ბევრს გაუჩნდა და მისი საფლავის გვერდზე ყვავილები და საქართველოდან გაგზავნილი ხსოვნის მესიჯები გაჩნდა.

ადამიანები საქართველოდან მადლობას უხდიან თავგანწირვისთვის ამერიკელ ჟურნალისტს, რომელიც ჩვენს ომში ტრაგიკულად დაიღუპა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG