რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია დასაცავად გამოიყენოს ნებისმიერი, მათ შორის ბირთვული იარაღი. დღეს, 22 სექტემბერს მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა „უმაღლესი მთავარსარდლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებების შედეგები“. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გულისხმობს პრეზიდენტ პუტინის ვიდეომიმართვას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების და უკრაინის ოთხ რეგიონში დანიშნული ე.წ. რეფერენდუმების მხარდაჭერის შესახებ.
მედვედევი პუტინის „გადაწყვეტილებების შედეგებს“ ასე განმარტავს:
1. რეფერენდუმები ჩატარდება და დონბასის რესპუბლიკებს და სხვა ტერიტორიებს რუსეთში მიიღებენ;
2. ყველა შემოერთებული ტერიტორიის დაცვა არსებითად გაძლიერდება რუსეთის შეიარაღებული ძალებით;
3. რუსეთმა გამოაცხადა, რომ ასეთი დაცვისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული შეიარაღება, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული და იარაღი ახალ პრინციპებზე.
„ამიტომ, სხვადასხვა გადამდგარი იდიოტი გენერლის ლამპასებით, ნუ შეგვაშინებს საუბრებით ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ. ჰიპერბგერას გარანტირებულად შეუძლია ევროპასა და აშშ-ში სამიზნეებს გაცილებით სწრაფად მიაღწიოს“, - წერს მედვედევი. მისივე სიტყვებით, „რუსეთმა აირჩია თავისი გზა. უკან გზა არ არის“.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც უკრაინის ოთხ, ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებულ რეგიონში დანიშნეს ე.წ. რეფერენდუმები, რუსეთში კი, 21 სექტემბრიდან გამოცხადდა ნაწილობრივი მობილიზაცია. რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების შესვლის საკითხზე „რეფერენდუმებს“ 23-27 სექტემბერს ჩაატარებენ.
ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 22 სექტემბერს გამოქვეყნდა, ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციას და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მრავალრიცხოვანი მოწოდების მიუხედავად, რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაციით და ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნით კონფრონტაციის გზა აირჩია და ისევ იმუქრება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით.