Accessibility links

site logo site logo

ჟან-ლუკ გოდარი - კაცი, რომელიც წესებს არ ცნობდა


“სახელი კარმენი“ (1982, საფრანგეთი, რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი)

ჟან-ლუკ გოდარის გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირა გავიდა, მაგრამ კინემატოგრაფიულ წრეებში გლოვა ისევ გრძელდება. ფრანგული „ახალი ტალღის“ უკანასკნელი ცოცხალი ავტორის სიკვდილმა, თუ არ ვცდები, იმასაც კი დასწყვიტა გული, ვინც გოდარის ფილმებს არასდროს უყურებდა. არა მგონია, ეს ხალხი ფარისევლობდეს. უბრალოდ ყველა გრძნობს, რომ 91 წლის კლასიკოსის სიკვდილი, თანაც როგორი სიკვდილი... მთლად ევთანაზიით, მართლაც რაღაც დიდი ეპოქის დასასრულია. აკი თვითონაც გვითხრა, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, სწორედ „სახელი კარმენის“ პრემიერის შემდეგ, მე რომ მოვკვდები, ჩემთან ერთად კინოც აღარ იარსებებსო. იმის თქმა, რომ გოდარს გაგიჟებით უყვარდა კინო, ნამდვილად არაა საკმარისი მის დასახასიათებლად. „გაგიჟებით“ უყვარდა ფილმები „ახალი ტალღის“ ყველა რეჟისორს (პირველი პროფესიით მათი უმრავლესობა კინოკრიტიკოსი იყო). „რობერტო როსელინი უპირატესობას ანიჭებს სიცოცხლეს“ - ასე დაასათაურა ფრანსუა ტრიუფომ თავისი საუკეთესო წერილი იტალიური ნეორეალიზმის ლიდერზე. ამ წერილით გაემიჯნა „ახალი ტალღა“ ნეორეალისტებს. „მათ სიცოცხლე უყვართ. ჩვენ კი სიცოცხლეზე მეტად კინოხელოვნება!“ - ამ იდეისთვის ანდრე ბაზენის მოწაფეებს არასდროს უღალატიათ.

მაგრამ გოდარი მათზე მეტად რადიკალური აღმოჩნდა. გოდარი პირველი იყო, რომელმაც ეჭვი გამოთქვა გადაღების იმ ტექნიკის მიმართ, რომელიც ლიუმიერების პირველი სეანსიდან დამკვიდრდა კინოში. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი თვალი, რომელსაც „მივაბით“ კინოკამერა, ისე აღიქვამს რეალობას, როგორიც ის სინამდვილეში არის? ჩვენ ხომ არა ვართ თავისუფლები? და როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელიც თავისუფალი არაა, სამყარო „ობიექტურად“ დაინახოს? - თითქოს კითხულობს გოდარი. ის ცდილობს უარყოს კლასიკური, „ფორმალური ენა“ („მშვიდობით, ენავ!“ - ასე ჰქვია მის ერთ-ერთ ბოლო ფილმს) და ჩაწვდეს უფრო ადრეულს, გრძნობების, ჟესტის, ვიზუალური ნიშნების ენას. „კარმენში“ გაისმის ფრაზა: „რა იყო მანამდე, სანამ სახელს დავარქმევდით?“... ანუ რა იყო სიტყვამდე? რატომ დავიჯერეთ, რომ პირველად იყო სიტყვა?. „ფილმს უნდა მოვაშოროთ ყველაფერი, რისი თქმაც სიტყვითაა შესაძლებელი“, - წერდა გოდარი ჯერ კიდევ 50-იანი წლების მიწურულს. ამ თვალსაზრისით „სახელი კარმენი“ მისი ერთ-ერთი ყველაზე პირადი და ყველაზე წარმატებული პროექტია (ვენეციის კინოფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც ბერნარდო ბერტოლუჩი ხელმძღვანელობდა, ფილმი ფესტივალის მთავარი პრიზით, „ოქროს ლომით“ აღნიშნა). „სახელი კარმენი“ თავისებური მოდების ჩვენებაა. ოღონდ თითქმის სრულიად გაშიშვლებული მოდელების, რომლებიც არა ტანსაცმელს, არამედ სხეულს, მის პლასტიკას გამოხატავენ. გოდარის არც ერთ ფილმში არაა იმდენი ეროტიკა, რამდენიც „კარმენში“.

80-იანი წლების დასაწყისში პროსპერ მერიმეს (და, შესაბამისად, ბიზეს ოპერის) ეკრანიზაციას ერთდროულად სამმა დიდმა რეჟისორმა მიმართა - პიტერ ბრუკმა, ფრანჩესკო როზიმ და გოდარმა. სამივე „კარმენი“ აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ სამივე ფილმი უაღრესად საინტერესო. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე რადიკალური ჟან-ლუკ გოდარი აღმოჩნდა; მან კარმენის ამბავი თანამედროვე საფრანგეთში გადაიტანა. ტერორისტების ჯგუფი აქ ბანკის გაქურდვას აპირებს. პოლიციელი იმდენად მოიხიბლება ერთ-ერთი მძარცველის, კარმენის გარეგნობით, რომ ბანდიტებს იქით ეხმარება... მაგრამ არა. იმის იმედი არ გქონდეთ, რომ გოდარი, უბრალოდ, მერიმეს მოთხრობის თავისუფალ ინტერპრეტაციას მიმართავს. ამ სიამოვნებას „ახალი ტალღის“ ყველაზე უკომპრომისო ავტორი ადვილად არ მოგანიჭებთ. თუკი ეკრანიზაციაში თქვენთვის მთავარი ისაა, თუ როგორ ეპყრობა ლიტერატურულ პირველწყაროს რეჟისორი, როგორია მისი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ... თავი უნდა დაანებოთ გოდარის ფილმის ყურებას. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში თითქმის განუწყვეტლივ ლაპარაკობენ, „სახელი კარმენში“ ლიტერატურული სახეები განდევნილია კინოსახეების სასარგებლოდ (გოდარის ფილმის მართლაც რომ საკრალური გამოსახულების დავიწყება შეუძლებელია).

ბიზეს ოპერასთან ასოციაციები რომ არ გაჩნდეს, მუსიკოსები, რომლებიც ისეთ როლს ასრულებენ ფილმში, როგორც ზონგები ბრეხტის პიესებში (ბერტოლდ ბრეხტი და ძიგა ვერტოვი გოდარის ის ორი კერპია, რომელთა მიმართ ერთგულება მან სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა), უკრავენ არა „კარმენს“, არამედ ბეთჰოვენის კვარტეტებს... მაგრამ ვინ თქვა, რომ კარმენის ისტორიას, ტერორისტების ბალეტს ბეთჰოვენი და ტომ ვეიტსი არ უხდება? გოდარისთვის ეს „არ უხდება“ არ არსებობს. გავიმეორებ - იგი მთელი არსებით ებრძვის კინოში დამკვიდრებულ ესთეტიკურ კლიშეებს. სახელგანთქმულ სინეფილს, დაზუთხული რომ აქვს კინოს ისტორია - ჟან-ლუკ გოდარს, როგორც „ახალი ტალღის“ ყველა ავტორს, უყვარს ციტირება, მაგრამ ციტატების ეს კოლაჟი სრულიად სტიქიურია, წყვეტილი, სტილისტურად უცხოს მოულოდნელი შემოჭრით. ამას ემატება კამერის ხაზგასმულად გამომწვევი გულგრილობა იმის მიმართ, რასაც აღწერს. პერსონაჟების ქცევის მიმართ გულგრილობას გადაწონის რაღაც წარმოუდგენელი ვნება ჟესტის, მზერის, ხმის, შუქ-ჩრდილის თამაშის მიმართ. „კარმენში“ თითქმის არაფერია პროსპერ მერიმესი და, მით უმეტეს, ჟორჟ ბიზესი, მაგრამ არის მართლაც რომ გაგიჟებული სიყვარული კინოსი. უფრო სწორად, კინოსი, რომელიც გოდარის აზრით რაღაც ასეთი იქნებოდა დაბადებამდე, სანამ კინემატოგრაფისტები წესიერებას და კანონების მიმართ მორჩილებას შეასწავლიდნენ.

კი, ანარქისტია. თუმცა „სახელი კარმენი“ ამბოხების წარმატებით დასრულების შეუძლებლობასაც გამოხატავს. ეს განსაკუთრებით სევდიანი მოტივია, რომელიც მე პირადად ყველაზე ძალიან მიყვარს ამ კაცის ფილმებში.

კინოს ისტორიაში არაერთ რეჟისორს გადაუღია თავისი „რვა-ნახევარი“. და თითქმის ყველა კეკლუცობდა. აგერ წელს, ვენეციის კინოფესტივალზე ინარიტუმაც წარმოადგინა ფელინის შედევრის თავისებური ვერსია. და ისიც ვერ გადაურჩა ვულგარულ ნარცისიზმს, პუბლიკასთან კეკლუცობას („ვიცი რომ ცუდი ვარ, მაგრამ მაინც ხომ საყვარელი ვარ?“). თავის დროზე სწორედ ამ „ეგზიბიციონისტური მაიმუნობის“ გამო დაიწუნა გოდარმა ფრანსუა ტრიუფოს „ამერიკული ღამე“. იმდენად, რომ სურათის პრემიერის შემდეგ ყოფილი მეგობრები სიცოცხლის ბოლომდე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. არა, გოდარის ფილმში „ფელინიზმების“ კვალიც არაა დარჩენილი; „კარმენში“ რეჟისორი თავის თავს თამაშობს - დაღლილ, ავადმყოფ გოდარს, რომელსაც მობეზრდა თავისი ფილმებისთვის დაფინანსების ძიება. მაგრამ ესაა და ეს. ჩვენი მოლოდინის მიუხედავად, არანაირი „ხელოვანის შინაგანი სამყარო“ არ ცოცხლდება ფილმში. ამის ნაცვლად ეკრანი ეთმობა კარმენს, სტიქიას, ეროსს და, რაც მთავარია, ახალგაზრდობას, რომელსაც გოდარი უკვე სრულიად გამიჯნულია. მას აღარ შეუძლია ბრძოლა. თუმცა შეუძლია მისცეს ახალგაზრდა მეამბოხეებს თავისი ბინის გასაღები. მაშინაც კი, როცა არ იცის, რისთვის გამოიყენებენ ისინი ამ ბინას - კინოს გადასაღებად თუ ბანკის გაქურდვის დასაგეგმად. ეს ახალგაზრდები ძალიან ჰგვანან გოდარის 60-იან წლებში გადაღებული ფილმების პერსონაჟებს. მაგრამ გოდარი მათთან ერთად აღარაა. ის ჯერ კიდევ 1983 წელს ლაპარაკობს სიკვდილზე. მერე კი დიდხანს ემზადება ევთანაზიისთვის.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. "რადიო თავისუფლებაში" 1995 წლიდან. მუშაობს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG