როსტოვის დუბოვსკის რაიონის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სამხედრო კომისარიატის ბრძანება "ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ", რომლის თანახმად, თადარიგის ჯარისკაცებს და რეზერვის ოფიცრებს, მობილიზაციის შესახებ ბრძანების ჩაბარებამდე, ეკრძალებათ ქალაქის (რაიონის) დატოვება.
ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომელთა თანამშრომლები გამოძახებულნი არიან მობილიზაციის ფარგლებში, ევალებათ "სამობილიზაციო ინსტრუქციებში ან პირად გამოძახებებში მითითებულ დროში უზრუნველყონ მათი გამოცხადება შესაბამის გამწვევ პუნქტებში."
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.