Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთთან ომში - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 სექტემბერს


ზელენსკი: აშშ-სგან მიღებულია NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა

საარტილერიო-სარაკეტო სისტემების (HIMARS) შემდეგ უკრაინამ აშშ-სგან უკვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

საუბარია მაღალი ტექნოლოგიის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ზე. გავრცელებული ცნობებით, მათ მისაღებად უკრაინის ოფიციალური პირები ლობირებდნენ.

როგორც იუწყებიან, ეს განცხადება ორივე მხარისთვის პირველი საჯარო აღიარებაა იმისა, რომ უკრაინას მიაწოდეს NASAMS-ის მაღალტექნოლოგიური ხმელეთი-ჰაერის სარაკეტო სისტემა. მის მიწოდებაზე გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს იქნა მიღებული.

წაიკითხე მეტი.

დაღესტანში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ჰაერში ისროლა

დაღესტანში, ხასავიურტის რაიონის სოფელ ენდირეიში 25 სექტემბერს ადგილობრივი მცხოვრებნი გავიდნენ მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, აქციაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ადამიანი, იუწყებოდნენ გზის გადაკეტვაზე. პოლიციამ ჰაერში ისროლა, თუმცა აქციის მონაწილეები ამის შედეგად არ დაშლილან, - იუწყება Кавказ.Реалии.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ენდირეიში მობილიზაციის ფარგლებში გამოიძახეს 110 ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც ახლახან დაბრუნდა არმიიდან.

მაჰაჩყალაში პოლიციამ დააკავა მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე, იუწყება გამოცემა "Кавказский узел". აქციის მსვლელობისას პოლიციელებს დემონსტრანტებისგან გაქცევა უწევდათ.

წაიკითხე და ნახე მეტი.

გაფრთხილების მიუხედავად, ირანელები მეათე ღამეა მართავენ აქციებს

მიუხედავად გაფრთხილებისა, ირანში ათი ღამეა აპროტესტებენ ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის სიკვდილს, რომელიც მორალის პოლიციამ დააპატიმრა.

ირანის დედაქალაქში სტუდენტებმა 25 სექტემბერს, გვიან საღამოს თეირანის უნივერსიტეტში მოიყარეს თავი, ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს "თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება!" და "ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენ მოვკვდებით, ჩვენ ირანს დავიბრუნებთ!". სტუდენტები ასევე გამოდიოდნენ პატიმრობაში მყოფი სტუდენტების გათავისუფლების მოწოდებებით.

აქციები გაგრძელდა დაღუპული ქალის, მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ ეკბათანშიც, დასავლეთ ირანში, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს "სიკვდილი ბასიჯის" - რომელიც მიემართებოდა მკაცრი კონსერვატორთაგან შემდგარ, მოხალისეობრივ გასამხედროებულ დაჯგუფებებს, რომელთა წევრებიც დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან.

წაიკითხე მეტი.

მონღოლეთი იუწყება საზღვარზე ათასობით პირის გადასვლაზე, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ

გუშინ მანქანების გრძელი კოლონა იდგა სასაზღვრო პუნქტთან რუსეთსა და მონღოლეთს შორის. მონღოლეთის წყაროებზე დაყრდნობით, ქვეყანაში ათასობით პირი შევიდა რუსეთიდან მას მერე, რაც კრემლმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და მამაკაცებს გაწვევის საფრთხე შეექმნათ.

რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებული ნაკადია საქართველოს, ფინეთისა და სომხეთის საზღვრებზეც.

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა უკვე ათიათასობით სამხედრო დაკარგა უკრაინაში შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე მის ომში.

სააგენტო AFP ავრცელებს მონღოლეთის მესაზღვრის სიტყვებს, რომ ბოლო ხუთ დღეში ქვეყანაში რუსეთიდან შევიდა 3000-ზე მეტი ადამიანი, და მათ შორის დაახლოებით ექვსიდან ხუთი მამაკაცია.

წაიკითხე მეტი.

რატომ დათმო რუსეთმა აზოვის მეთაურები - რა ვიცით და რა არა

უკრაინამ ბატალიონ აზოვის მეთაურები და წევრები დაიბრუნა.სულ 215 გმირი. გაცვლა ახლახან დასრულდა. ჩვენი ხალხი სახლში მიგვყავს”, - გამოაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 სექტემბრის ადრეული დილით. 21-22 სექტემბრის ღამეს, სანამ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების გამო პროტესტები მძვინვარებდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასაწყისიდან ტყვეების ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა - რუსეთმა უკრაინას 215 ტყვე, 55 რუს ჯარისკაცსა და პატიმარ ვიქტორ მედვედჩუკში გაუცვალა. მოლაპარაკებებში უშუალოდ იყო ჩართული თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ტყვეთა გაცვლა მან პირველად 19 სექტემბერს, ამერიკულ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში ახსენა.

გაცვლის პირობების თანახმად, ხუთი აზოველი მეთაური - ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა, დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი და სვიატოსლავ პალამარი ომის დასასრულამდე ანკარაში უნდა დარჩნენ. რუსეთიდან გათავისუფლებულ ტყვეთა შორის “აზოვის” დანაყოფის სულ 108 მებრძოლი იყო, და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის ინფორმაციით, 124 ოფიცერი. ტყვეებში იყვნენ “პტაშკა” კატერინა პოლიშჩუკი, მოხალისე პარამედიკოსი, რომელიც ალყაში ყოფნის დროს სიმღერით უმაღლებდა განწყობას “აზოვსტალში” ჩაკეტილებს. სახლში ბრუნდება მედიკოსი მარიანა მამონოვაც, რომელიც ფეხმძიმობის უკანასკნელ თვეებშია. ტყვეობაში იმყოფებოდა კიდევ ორი ფეხმძიმე ქალი, იანა შუმოვეცკა და ანასტასია ჩერნენკა.

რა ვიცით ტყვეთა გაცვლის შესახებ? რა მოვლენები უსწრებდა გაცვლას? წაიკითხე თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

რადიო თავისუფლება თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს ესაუბრა არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG