Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეგიონია ჩემი სახელი


ოცდაერთ სექტემბერს პუტინმა რუსეთში გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია, თუმცა იგულისხმა სრული. ამ ნაწილობრივ-სრული მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, საზღვრებს მიაწყდა ჯანმრთელ რუს მამაკაცთა ნაკადი. სიკვდილი არავის უნდა. მამრობითი სქესის სულ რამდენიმე კატეგორიაა, რომელიც მობილიზაციას არ ექვემდებარება. ბავშვები, მოხუცები, „აიტიშნიკები“, მარტოხელა და გმირი მამები (4 და მეტი შვილის მშობელი), და კიდევ ერთი-ორი.

უბნის ინსპექტორები კარდაკარ დასდევენ ომში გასაწვევებს, რომ ხელში გადასცენ უწყება. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა ოფიციალურ მისამართზე უკვე აღარ იმყოფება ადრესატი? ადგილზე კი ქალებიღა არიან და შინაური ცხოველები. ინსპექტორებიც საფრდებიან მეტროებთან, ბაღებთან, სავაჭრო ცენტრებთან, კინოთეატრებთან, და ვისაც მოიხელთებენ, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე გადაჰყავთ სამხედრო კომისარიატებში. „ადგილზე გაერკვევიან“, ვინ გასაწვევია და ვინ - არა. ხეიბარი ხარ თუ არასრულწლოვანი, სულერთია. მთავარია, გეგმა შესრულდეს. გეგმა კი წმიდა რამეა საბჭოთა მემკვიდრისთვის. სსრკ-ში ყოველი გეგმა გადაჭარბებით სრულდებოდა, ძროხის წველაც და ვეშაპებზე ნადირობაც. ადამიანთა დახვრეტაც კი. არაოფიციალური მონაცემებით, დღეს მობილიზაციას თავი შეიძლება აარიდო ასიათასიდან მილიონ რუბლამდე ქრთამით. ტარიფი მოქნილია ორივე მიმართულებით. შეიძლება ცოტა ნაკლებიც და ცოტა მეტიც, შემთხვევას გააჩნია.

მაგრამ გეგმა შესასრულებელია. ამიტომ, მთლად ხელცარიელი რომ არ დაბრუნდეს ინსპექტორი თავის შტაბში, თან გაიყოლებს, ვისაც გამოიჭერს. მერე რა, თუ მავანს ხელი არა აქვს, ან ფეხი, ან ორივე, ხელიც და ფეხიც, სმენადაქვეითებულია თუ საგორაო ეტლით გადაადგილდება, ან საერთოდ ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად? შიდა წყაროების ცნობით, რამდენიმე ასეული უსინათლოა თურმე ბრძოლის ველზე უკვე გადასროლილი. მთავარია, არმია ერქვას. თუნდაც ფურცელზე. დამოუკიდებელ იურისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ინვალიდების არმიაში რამდენიმე ასეული მკვდარი სულიც აღმოუჩენიათ.

კომისარიატებიდან კი არაადამიანური ხმები გამოდის: ყეფა, წკმუტუნი, კნავილი. ღრუტუნიც კი. შინაურ ცხოველთა უმეტესობას სავსებით ოფიციალური პასპორტი აქვს, სადაც მისი სახელი წერია. გვარი კი, როგორც წესი, პატრონისა ეძლევა. ჰოდა, მერე რა, თუ რომელიმე ივან პეტროვის ნაცვლად, რომელიც სადმე საქართველოში ან ფინეთში გაიქცა, ფრონტის ხაზზე გაუშვებენ, ვთქვათ, ჯონი პეტროვს? შეიძლება, ეს ჯონი (დეპის სიყვარულით?) ჯუჯა პუდელია ან მალტური ბალონკა, მაგრამ ამაზე ვითომ ღირს დახურდავება? მთავარია, გეგმა ხომ სრულდება, სია ივსება, თორემ ვინ დაეძებს, ბრმა იბრძოლებს, მკვდარი სული თუ ჯუჯა პუდელი? ნაირგვარ კურდღლებს, ზღარბებსა და ზღვის გოჭებს თურმე თვლა არა აქვს გამწვევი კომისიების შენობებში. თუმცა, ცხადია, იქაურობა ძირითადად ძაღლებით არის სავსე.

ზოგადად, შინაურ ცხოველთა სახელები ცალკე საუბრის თემაა. ბარონი, რინგო, შერიფი, მარკიზი, ტუტსი... ეს პოპულარულ სახელთა არასრული ჩამონათვალია. აქვეა უფრო სნობური კაფკა, გოეთე, ფროიდი, ნიცშე. უსასრულო ფაუსტებითა და ჰამლეტებით. და რადგან ჯანმრთელ მამაკაცთა უმეტესობა უკვე გაიქცა ქვეყნიდან, ამიტომაც კომისარიატებში მეტ წილად ხეიბრები და შინაური ცხოველები ხვდებიან. ერთ ბურიატიულ სოფელს მთელი ღორების კოლტიც კი გაუწვევია ჯარში. ვინც ვერ მოახერხა, სხვადასხვა გზებით იმალება სამშობლოში. ვინ ქალად გადაცმული დადის, ვინ წელში იკაკვება და გრიმით იბერებს სახეს, ვინ კიდევ ამა თუ იმ უსულო საგნად ასაღებს თურმე თავს. ერთი ახალგაზრდა კაცი უმხელიათ მოსკოვის რაიონში, ბოლო რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შუა ქუჩაში მდგარი განათების ბოძად ასაღებდა თავს. მეტი დამაჯერებლობისთვის, პირში გადამწვარი ნათურაც სდებია.

ვინ გამორიცხავს, რომ შემდეგი ტალღისას, ანუ უკვე სრული მობილიზაციისას, მთლად ეგზოტიკურ თევზებსაც არ გაიწვევენ აკვარიუმებით და ფერად ჩიტებს გალიებით? ვინ აღუდგება ინვალიდების, მკვდარი სულების, ძაღლებისა და ღორების არმიას წინ? არმიას, რომელიც მოიწევს ყავარჯნებით, შემწყდარი სუნთქვით, წკმუტუნითა და ღრუტუნით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG