Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სროლა, ჩხუბი, ქალები: ვინ და როგორ აპროტესტებს მობილიზაციას ჩრდილოეთ კავკასიაში


დაღესტანში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ აქციაზე გამოსული ქალი ეკამათება პოლიციელს, 26 სექტემბერი, 2022.

უკრაინის წინააღმდეგ ომის მეშვიდე თვეს კრემლის მიერ გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზაციას“ საპროტესტო ტალღა მოჰყვა მთელ რუსეთში და განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში.

წინააღმდეგობამ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, შესაძლოა, მკვეთრად შეცვალოს ომის მიმდინარეობა და რუსეთი შიდა კონფლიქტში ჩაეფლოს.

„აქამდე რუსეთის ცენტრს ეგონა, რომ ჩრდილოეთი კავკასია მეტ-ნაკლებად დამშვიდებული რეგიონი იყო. ახლა გამოჩნდა ბზარები, ნაპრალები. მათი ნაიარევი შეიძლება ხელახლა გაიხსნას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

კავკასია მობილიზაციის წინააღმდეგ: ბოლო ცნობები

საქართველოს მოსაზღვრე დაღესტანში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომლებზეც ასობით ადამიანი ეწინააღმდეგება თავიანთი შვილების, ძმებისა თუ ნათესავების უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას.

26 სექტემბრის სპონტანურ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მასობრივი ჩხუბი დაიწყო. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სერვისის ინფორმაციით, დაახლოებით 90 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 70 დედაქალაქ მაჰაჩყალაში და 20 - ქალაქ ხასავიურტში. პოლიციამ აქცია რამდენიმე საათში დაშალა.

ვიდეოებში, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ტელეგრამარხებში, ჩანს, რომ პოლიცია დაკავებებისას უკიდურესად მკაცრია, მათ შორის ქალების წინააღმდეგ - იყენებს ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს. იტყობინებიან წიწაკის სპრეის გამოყენების შესახებაც. ბევრ მომიტინგეს ტელეფონები წაართვეს.

დაკავებულებს შორის აღმოჩნდნენ ჟურნალისტებიც. „რუსნიუსის“ მთავარი რედაქტორის, სერგეი აინბინდერის თქმით, მას დაკავებისას სცემეს და ტექნიკა წაართვეს.

მობილიზაციით უკმაყოფილოები ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკშიც შეიკრიბნენ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ცხარე კამათის მიუხედავად, მათ ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე - რამდენი კაცის გაწვევა იგეგმება რესპუბლიკიდან.

„არ წაიყვანოთ ჩვენი შვილები! არ მინდა ადამიანების მოკვლა!“ უყვირის ერთ-ერთი ქალი ადგილობრივ ჩინოვნიკს.

ჯერ იყვნენ ჩეჩენი ქალები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გადათქვა მარტში გაცხადებული პოზიცია, რომ კრემლი არ აპირებდა წვევამდელებისა და სამხედრო შეკრებებზე გაწვეულების გამოყენებას „სპეციალურ ოპერაციაში“ უკრაინის წინააღმდეგ.

„აუცილებლად მიმაჩნია დავეთანხმო თავდაცვისა და გენშტაბის წინადადებას, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ“, - თქვა მან 21 სექტემბერს და დაამატა, რომ მობილიზაცია იმავე დღეს დაიწყებოდა.

პუტინის გამოსვლის ფონზე სწრაფად გაიყიდა ავიაბილეთები იმ ქვეყნებისკენ, რომლებშიც რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ.

მეორე დღესვე, ჩეჩნეთის დედაქალაქში, რამდენიმე ათეული ქალი შეიკრიბა მობილიზაციის წინააღმდეგ. მალევე ტელეგრამარხებზე გავრცელდა ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ჩეჩნეთის ხელისუფლება უარყოფდა აქციის ჩატარებას, რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი იძულებული გახდა საჯაროდ აეხსნა, რომ მობილიზაცია ჩეჩნეთს არ შეეხებოდა.

მისივე თქმით, აქციაში მონაწილეებს ესაუბრა და გაარკვია, რომ გამოსული ოცი ქალიდან მხოლოდ სამს ჰყავს ვაჟები, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში. დანარჩენები კი ევროპული ორგანიზაციებიდან ფულის მიღებაში დაადანაშაულა.

ასევე ქალები შეიკრიბნენ ნალჩიკში, 25 სექტემბერს და მკაცრი განცხადებები გააკეთეს თავიანთი ვაჟებისა და ქმრების ფრონტზე გაგზავნის წინააღმდეგ.

„მე არ დავთმობ ჩემს ქმარს“; „ჩვენ დავესხით თავს და არა უკრაინა!“ - ამბობდნენ აქციის მონაწილეები. დაკავებების შესახებ ცნობები არ ყოფილა.

ყველაზე შესამჩნევი პროტესტი დაღესტანშია.

ხასავიურტის რაიონის სოფელ ენდირეის მცხოვრებლებმა - ძირითადად კაცებმა - გადაკეტეს გზატკეცილი და ეწინააღმდეგებოდნენ თანასოფლელების გაწვევას. მედია იუწყება, რომ 8-ათასიანი სოფლიდან 110 რეზერვისტი გამოიძახეს. უშიშროების ძალებმა ხალხის დასაშინებლად ჰაერში სროლა დაიწყეს და აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გააძევეს.

პარალელურად მაჰაჩყალაში, უმეტესწილად ქალები გამოვიდნენ, თუმცა მალევე აქციას ხალხი დაემატა და დაიწყო ძალადობრივი დაკავებები.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს დაკავებული კაცი თავს პოლიციელს და როგორ სცემენ შემდეგ მას.

ადგილობრივი გამოცემის, „ჩერნოვიკის“ ინფორმაციით, პოლიციის დასახმარებლად რეგიონში „როსგვარდიაც“ ჩავიდა. საღამოს აქცია დაშალეს. უფლებადამცველების დათვლით, დაახლოებით 100 ადამიანი დააკავეს.

რატომ იბრძვიან დაღესტანში ყველაზე მკვეთრად?

დაღესტანში მიმდინარე ამბოხს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.

„ვხედავთ, რომ ადამიანებმა, კერძოდ, დაღესტანში, დაიწყეს ბრძოლა საკუთარი სიცოცხლისთვის. მათ ესმით, რომ ეს სიცოცხლეს ეხება, მათ სიცოცხლეს. რატომ უნდა დაიხოცონ მათი ქმრები, ძმები, ვაჟიშვილები ომში? ომში, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ომში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენსავე მიწაზე. ის ხომ არ უშვებს ომში საკუთარ შვილებს?! იბრძოლეთ იმისთვის, რომ არ გაუშვან თქვენი შვილებიც! ყველა, ვინც შეიძლება წაიყვანონ ამ დანაშაულებრივი მობილიზაციის ქვეშ. რადგან თუ თქვენ მოხვალთ ჩვენი შვილების სიცოცხლის მოსასპობად - გეუბნებით, როგორც მამა - ჩვენ ცოცხლებს აღარ გაგიშვებთ“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში დაღუპულთა ყველაზე მაღალი წილი, რუსეთის სხვა პროვინციებთან შედარებით, ძირითადად მუსლიმანურ რეგიონზე მოდის. სხვადასხვა მედიის ანალიზით, ომში სულ მცირე 300-ზე მეტი დაღესტნელი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც მოსკოვზე 10-ჯერ მეტია. რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.

თუ 21 სექტემბრამდე, ანუ მობილიზაციის გამოცხადებამდე, უკრაინაში რუსეთის ჯარის კონტრაქტორი ჯარისკაცები იბრძოდნენ, ახლა მოსახლეობას ეს არჩევანი აღარ აქვს.

რუსული დამოუკიდებელი მედია „მედუზა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გაწვეულთა მხოლოდ 1.3%-ია (16 000) მოსკოვიდან, ხოლო სანქტ-პეტერბურგიდან 0.26% - 3 200 ადამიანი. ამავე წყაროს ინფორმაციით, კრემლი ითხოვს, რეგიონული ცენტრებიდან მინიმალურად მოხდეს გაწვევა.

„დაღესტანში ძალიან ბევრი დანაკარგია. ძალიან ბევრი ჩვენი ვაჟი წავიდა. უბრალოდ გაუგებარია, რატომ. რატომ უნდა ვიყოთ პირველთა შორის ამ ბოროტების რიგებში?“ - ამბობს დაღესტნელი უფლებადამცველი, სვეტლანა ისაევა „კავკაზ.რეალიისთან“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჩრდილოკავკასიელებისთვის, როგორც მცირეეროვანი ხალხებისთვის, უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი სერიოზული დანაკარგია.

„ეს [ტრავმა] ბევრჯერ აქვთ გამოვლილი ჩრდილოეთ კავკასიაში და მათთვის ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ასევე, მიზანი არ არის ნათელი - რატომ უნდა იბრძოლონ უკრაინაში, როცა ის არ ემუქრება რუსეთს პირდაპირ?“ - ამბობს ის.

მისივე თქმით, თუ ეს პროტესტი ეთნო-ნაციონალურ წინააღმდეგობად გადაიქცევა და მობილიზაცია ეთნიკურ საფუძველზე მოხდება, ეს შეიძლება გადაიზარდოს მნიშვნელოვან პრობლემაში მოსკოვისთვის.

„ეს ნიშნავს ახალ კონფლიქტს, ნაციონალური სარჩულით. შეიძლება მოხდეს მობილიზაცია იმ ხალხის, რომელთაც უკვე ეჭირათ იარაღი ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ რუსეთის ხელისუფლება მოინდომებს ამ პრობლემის ძალით მოგვარებას, შეიძლება იარაღი შემოუბრუნდეს და საერთოდ შეიცვალოს ომის დინამიკა“, - ამბობს კაკაჩია.

საქართველოს საზღვარზე გაჭედილები

„ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, საქართველოს საზღვარს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაზე გადის, ათიათასობით ადამიანი მიაწყდა. რუსეთში აცხადებენ, რომ საზღვარი ერთ კვირაში 115 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.

თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ჩრდილოეთკავკასიელებს საქართველოში არ უშვებენ და ისინი იძულებულნი არიან, ნეიტრალურ ზონაში დარჩნენ.

„ტელეგრამის“ ერთ-ერთ ჩატში, რომელიც უკვე 120 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წერენ, რომ კავკასიელებს დაკითხვაზე ცალკე ოთახში აგზავნიან (საუბარია 222 ნომერზე, რაზეც მედია ადრეც საუბრობდა), რის შემდეგაც მათ საქართველოში შეშვებაზე უარს ეუბნებიან.

თვითმხილველების ცნობით, რუსეთის სხვა რეგიონების მცხოვრებლებს საქართველოში შეუზღუდავად უშვებენ.

„ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ დისკრიმინაციაა“, - ამბობს კორნელი კაკაჩია და ამატებს: „სიფრთხილე, რა თქმა უნდა, საჭიროა და არა მხოლოდ ჩრდილოეთკავკასიელების მიმართ. ბოლო ნაკადი, რომელიც შემოდის, არის ხალხი, რომელსაც გარკვეული საბრძოლო გამოცდილება აქვთ. იმიტომაც გარბიან. ამათი მიზანი საბოლოოდ რა იქნება, როგორ გამოიყენებს რუსეთი, არ ვიცით“.

წინააღმდეგობის პარალელურად, 27 სექტემბერს, დაღესტნის ქალთა კავშირი გამართავს აქციას რუსული არმიისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დეპუტატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედია გარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG