Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაიაკოვსკის კითხვის" მონაწილეს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს


არტიომ კამარდინი
არტიომ კამარდინი

"მაიაკოვსკის კითხვის" (ტრადიციული პოეტური საღამო, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ტარდება ვლადიმირ მაიაკოვსკის ძეგლთან) მონაწილე არტიომ კამარდინი, რომელიც მოსკოვში კიდევ ორ სხვა აქტივისტთან ერთად დააკავეს, ეჭვმიტანილია სიძულვილის ან მტრობის გაღვივებაში, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იტყობინება "ნოვაია გაზეტა. ევროპა", ადვოკატ ლეონიდ სოლოვიოვზე დაყრდნობით.

კამარდინი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აწამეს. მისი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

პოეტი ორშაბათს დააკავეს აქტივისტებთან, ალექსანდრა პოპოვასა და ალექსანდრ მენიუკოვთან ერთად. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მათი ბინის კარი შეამტვრიეს. აქტივისტები პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მოგვიანებით პოპოვა გაუშვეს. მან განაცხადა, რომ პოლიციელები თმებს აგლეჯდნენ, პირი აუკრეს და ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

ინტერნეტში გაჩნდა პეტიცია პოლიციის იმ თანამშრომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და დასჯის მოთხოვნით, რომელთაც დაკავებულები აწამეს. აქტივისტების დაკავების შემდეგ, ტელეგრამ-არხ "112-ით" გავრცელდა ვიდეო, რომელზეც კამარდინი და კიდევ ორი ახალგაზრდა - ეგორ შტოვბა და ნიკოლაი დეინეკო - მუხლებზე დგანან და პატიებას ითხოვენ თავიანთი სიტყვებისთვის. კამარდინის სახეზე ჩანს ნაიარევი.

სავარაუდოდ, აქტივისტები დააკავეს "მაიაკოვსკის კითხვის" აქციის გამო, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართა ვლადიმირ მაიაკოვსკის ძეგლთან მოსკოვში. ახალგაზრდა პოეტები თავიანთ ლექსებს კითხულობდნენ, რომლებშიც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას რუსეთის პოლიტიკისა და სამხედრო მოქმედებების მიმართ უკრაინაში. სწორედ ამ ტექსტების გამო იხდიან ისინი ბოდიშს ვიდეოჩანაწერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG