Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოთხ ოლქს ე.წ. რეფერენდუმების შედეგები გამოუცხადეს


ე.წ. საარჩევნო უბანი დონეცკში. 2022 წლის 27 სექტემბერი
ე.წ. საარჩევნო უბანი დონეცკში. 2022 წლის 27 სექტემბერი

უკრაინის ოთხი ოლქის პრორუსულმა, დე ფაქტო საარჩევნო კომისიებმა წუხელ გამოაცხადეს 5-დღიანი ე.წ. რეფერენდუმების „საბოლოო შედეგები“, რომელთა თანახმად, „ოქმების 100%-ის შეჯამებით", ზაპოროჟიეში ამ ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა 93.11%-მა, ლუგანსკში - 98.42%-მა, დონეცკში - 99.23%-მა და ხერსონში - 87.05%-მა.

რუსეთის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიების მტკიცებით, ლუგანსკში „რეფერენდუმში“ მონაწილეობა მიიღო 1 662 607-მა „ამომრჩეველმა“ (94.15%), ზაპოროჟიეში 541 093-მა(85%), დონეცკში 2 131 207-მა (97.51%) და ხერსონში 571 001-მა(78.86%).

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ ამ „საბოლოო შედეგების“ გამოცხადებამდე, ტელეგრამ-არხზე დაწერა: „რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!“

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების საკითხს, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს განიხილავს რუსეთის ფედერაციის საბჭო. ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო მეთაურმა ლეონიდ პასეჩნიკმა პრეზიდენტ პუტინს მიმართა, რომ ლუგანსკი რუსეთის შემადგენლობაში მიიღოს "რეფერენდუმის" დასრულებიდან მეორე დღესვე, 28 სექტემბერს.

უკრაინის ოლქებში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.

უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს ევროკავშირიც.

უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები, რომლებსაც 2014 წლიდან პრეტენზია "დამოუკიდებლობაზე" ჰქონდათ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს. 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დიდ ნაწილზეც. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG