Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ოქტომბრისთვის დაინიშნა რუსეთის დუმის რიგგარეშე სესია, რომელზეც უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საკითხს განიხილავენ


რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი
რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 3 ოქტომბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომას გამართავს, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსეთის ჯარებისა და პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში მიღების საკითხს განიხილავენ. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ჩაითვალოს ანექსიად. უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადეს, რომ ისინი ამას არ აღიარებენ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ 28 სექტემბერს გამოაცხადა.

რუსული სააგენტო „ტასი“ იუწყებოდა, რომ რუსეთის დუმა და ფედერაციის საბჭო ანექსიის შესახებ დოკუმენტს 29 სექტემბერს დაამტკიცებდნენ.

სააგენტო "რია ნოვოსტის" თანახმად, თარიღის კორექტირება განპირობებულია იმით, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ტერიტორიებზე გამართული უკანონო რეფერენდუმების შედეგების ცნობის შესახებ. ფედერაციის საბჭო ანექსიას, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე დაამტკიცებს.

დონბასის მარიონეტული რეჟიმებისა და რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, ფსევდორეფერენდუმზე უკრაინის დონეცკის რეგიონში ამომრჩეველთა 99,23-მა პროცენტმა მისცა ხმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას; ლუგანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეს რეგიონში - 93,11%-მა, ხოლო ხერსონში, რომელსაც ოკუპანტებმა ნიკოლაევის რეგიონის ნაწილიც მიუერთეს, - 87.05-მა პროცენტმა.

კენჭისყრას, რომელიც რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ფორმალურ ანექსიას მოასწავებს, კიევმა და მისმა დასავლელმა კოლეგებმა უკვე უწოდეს „ფალსიფიკაცია“ და კრემლის შემდგომი ესკალაციისკენ მიმართული კამპანია, რომელსაც მორიგი მკაცრი სანქციებით უპასუხებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 სექტემბერს თქვა, რომ ე.წ. რეფერენდუმების გამო რუსეთთან რაიმე სახის დიპლომატიური მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის და პირიქით, რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება.

XS
SM
MD
LG