Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ხელისუფლებამ მინსკთან ახლოს განლაგებული სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო


ბელარუსის არმიის ჯარისკაცები მარშირების დროს
ბელარუსის არმიის ჯარისკაცები მარშირების დროს

29 სექტემბრიდან ბელარუსში დაიწყო მინსკის მახლობლად დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება.

აღნიშნული სამხედრო დანაყოფი დასახლებულ პუნქტ მიჩულიშჩიში მდებარეობს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება ერთ თვეს გასტანს, რომლის დროსაც დამუშავდება რამდენიმე საკითხი, "რომელთა შორის მთავარი იქნება სამხედრო სამსახურში გაწვევა და სამხედროების უნარ-ჩვევების აღდგენა, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის შენახვიდან ამოღება მისი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით".

აღნიშნული ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფონია ბელარუსის ლიდერ ლუკაშენკას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

26 სექტემბერს ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა მოულოდნელად ჩაფრინდა რუსეთში და სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში დაბრუნდა. ლუკაშენკა კი მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლუკაშენკას ვიზიტი სოხუმში და განმარტებისთვის დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი. მოგვიანებით ლუკაშენკას ვიზიტს მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„მკაცრად ვგმობ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში სამომავლო კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.

  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების სიგნალებს.
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
  • 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინაში ომის შემდეგ. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.
XS
SM
MD
LG