პოლიტიკური პარტია „ლელო" განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას. ოპოზიციური პარტია ლუკაშენკას ჩასვლას მიიჩნევს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფად.
„ლელოს" შეფასებით, ლუკაშენკას ნაბიჯი მიანიშნებს, რომ რეალურია საფრთხე, რომ ბელარუსმა უახლოეს მომავალში განიხილოს არაღიარების პოლიტიკის გადახედვა.
„ლელო" მოითხოვს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას:
- "საქართველომ კონსულტაციებისთვის უნდა გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
- საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას - საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
- აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი.
- 4. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.
- გაერო-ს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაციებში ბელარუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად."
28 სექტემბერს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა და სამომავლო კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.
საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი პროტესტის ნიშნად დაიბარა.
სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა.
„ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას ტვიტერის ანგარიშზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
- ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების სიგნალებს.
- 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
- 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.