Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის „დესანტი“ და „გენერალი“, ვინც ლუკაშენკას ბიჭვინთაში ახლდა?


ალიაქსანდრ ლუკაშენკა არაოფიციალური ვიზიტით რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში.

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის ვიზიტი მოულოდნელი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა, თორემ თავად ლუკაშენკა მისთვის, როგორც ჩანს, კარგა ხანი ემზადებოდა და ამ მიზნით, „დესანტი“ აფხაზეთში ადრეც გადაუსხამს.

„გენერალი აქ ადრეც იმყოფებოდა, ვითარების შესასწავლად“, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი ივან დრაკახრუსტი ამბობს, ლუკაშენკა, სავარაუდოდ, თავის უახლოეს თანამებრძოლს, გენერალ ვიქტორ შეიმანს გულისხმობდა. ის 2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ლუკაშენკას „სპეციალური წარმომადგენლის“ რანგში შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.

ლუკაშენკასგან მარჯვნივ ვიქტორ შეიმანი.
ლუკაშენკასგან მარჯვნივ ვიქტორ შეიმანი.

„შეიმანის ფიგურა ძალზე მნიშვნელოვანია, გარკვეული გაგებით, ის არის მეორე ადამიანი ბელარუსის სახელმწიფოში, მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობები ეკავა. ის ლუკაშენკასთან ერთად იყო 1994 წლის საარჩევნო კამპანიის დასაწყისიდან. ლუკაშენკასთან მანქანაში იმყოფებოდა მაშინაც, როდესაც ე.წ. ლიზნენსკის ინციდენტი მოხდა. რაც კანდიდატ ლუკაშენკას გუნდმა მაშინ მკვლელობის მცდელობად მონათლა, ხოლო იმჟამინდელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად მოწყობილი ინსცენირებული ტერაქტი“, - ამბობს რადიო თავისუფლების პოლიტიკური კომენტატორი იური დრაკახრუსტი.

გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ შეიმანი პროფესიონალი სამხედროა. დიდ პოლიტიკაში თვალისმომჭრელი კარიერის გაკეთებამდე მან დაამთავრა სატანკო-სამეთაურო სასწავლებელი და ოფიცრის სამსახური განაგრძო საბჭოთა კავშირის საჰაერო-სადესანტო ძალებში. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მონაწილეობას იღებდა ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. „საერთაშორისო მისიის“ შემდეგ ვიქტორ შეიმანი პოლიტიკაში მიდის.

1990-94 წლებში იგი აირჩიეს ბელარუსის უზენაესი საბჭოს დეპუტატად, სადაც დაუკავშირდა ალიაქსანდრ ლუკაშენკას და პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში მის პირად უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ლუკაშენკას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეიმანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგ ქვეყნის გენერალურ პროკურორად, 2013-დან 2021 წლამდე კი პრეზიდენტის საქმეთა მმართველად მუშაობდა.

ვიქტორ შეიმანის ბიოგრაფიაში არსებობს შავი ლაქა, რის გამოც ის და რამდენიმე ბელარუსი მაღალჩინოსანი ჯერ კიდევ 2004 წლიდან იმყოფებიან ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციათა სიაში.

იური დრაკახრუსტი
იური დრაკახრუსტი

„კოლექტიური დასავლეთიც, საზოგადოებრივი აზრიც, უფლებადამცველებიც და ექსპერტებიც დასაბუთებულად მიიჩნევენ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ალიაქსანდრ ლუკაშენკას პოლიტიკური ოპონენტების - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იური ზახარენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ვიქტორ გონჩარის გაუჩინარებასთან დაკავშირებით“, - ამბობს იური დრაკახრუსტი.

ვიქტორ შეიმანის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი დეტალია მისი კავშირები „შორეულ ქვეყნებთან“. ბელარუსის „რუხი კარდინალი“ კურირებდა ნავთობით მდიდარი ვენესუელის ლიდერის უგო ჩავესის რეჟიმთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. „ეს შეეხებოდა ისეთ რთულ და ბნელ სქემებს, როგორიცაა ნავთობი და იარაღი. ბოლო წლებში კი ვიქტორ შეიმანი კურირებდა აფრიკის მიმართულებას“, - დასძენს დრაკახრუსტი.

ვიქტორ შეიმანი უკანასკნელი მოჰიკანია ალიაქსანდრ ლუკაშენკას იმ თანამებრძოლებში, რომლებიც ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს 28 წლის განმავლობაში შემორჩა. ამიტომ 2021 წლის ივნისში, როდესაც ლუკაშენკამ დააკმაყოფილი შეიმანის თხოვნა და იგი ოფიციალური თანამდებობიდან გადააყენა, არავის გაჰკვირვებია სიტყვები, რომელიც მაშინ ლუკაშენკამ მას ტელეკამერების წინაშე უთხრა.

„სახელმწიფოსგან შორს არ წახვიდე. ძალიან გთხოვდი, რომ ჯერჯერობით საკუთარ თავზე აიღო, როგორც ყოველთვის იყო - კუბა, ვენესუელა და აფრიკის ის „კუდები“, რომლებიც ჯერ არ გადაგიცია მთავრობისთვის“, - აღნიშნა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ვიქტორ შეიმანთან შეხვედრისას.

როგორც ჩანს, კუბას, ვენესუელას და სხვადასხვა „კუდებს“ ახლა უკვე ლუკაშენკას დავალებით დაემატა ურთიერთობა ოკუპირებულ აფხაზეთთან, სადაც „გენერალი“ ვიქტორ შეიმანი „ვითარების შესასწავლად“ უკვე იმყოფებოდა ლუკაშენკას დავალებით.

თუ რა „ვითარება“ უნდა შეესწავლა ბელარუსის „რუხ კარდინალს“ აფხაზეთში, ჯერჯერობით უცნობია.

თავად ლუკაშენკას სიტყვებით, აფხაზეთში მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.

„ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს, არ გვაწუხებს არანაირი გეოპოლიტიკა. ჩვენ უბრალო, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება. ეკონომიკა კი, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ჩვენი ურთიერთობების საფუძველი უნდა გახდეს. სხვა გზა არცაა“, - დასძინა ლუკაშენკამ.

მაგრამ აქ გეოპოლიტიკაც დიდი დოზით არის და საერთაშორისო პოლიტიკაც. ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლით საქართველოს სუვერენიტეტიც ხელყო და საერთაშორისო სამართალიც.

„მკაცრად ვგმობ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალიაქსანდრ ლუკაშენკას სოხუმში ვიზიტს.

თითქმის მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც.

მანამდე კი, საქართველოს საგარეო უწყებამ პროტესტის ნიშნად დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი.

  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სიგნალებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
  • 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ. ამასთან, დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG