Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემზე გაიწია დასარტყმელად" - წულუკიანი კრივის ფედერაციის პრეზიდენტს ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში ადანაშაულებს


თეა წულუკიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი
თეა წულუკიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში დაადანაშაულა კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური.

„ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, ეს არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ამას ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენ ქართულ კრივს იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელობაში, ხელს არ გავუშვებთ", - განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მინისტრი ამბობს, მოელოდა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი თავად გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუმცა ის ასე არ მოიქცა. წულუკიანმა დავით წიკლაურის საქციელის მოტივზეც ილაპარაკა.

„მქონდა იმედი, რომ რაღაც ტიპის ნაბიჯი იქნებოდა - "მე რაღაც დავაშავე და არ დავაზიანო ხელმძღვანელად ჩემი არსებობით სპორტის სახეობა"... მან ეს ვერ გაიგო. ჩვენ ამის გამო ვერ გავჩერდებით. გარკვეული ფორმა, რომელიც იანვრამდე იმოქმედებს, ვიპოვეთ, რომ მაინც დავაფინანსოთ კრივი და არა კონკრეტული პირის ჯიბე, რომელმაც ვერ გაიგო, სად მუშაობს. ეს მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ითხოვდა ფულს [დაფინანსებას]. როდესაც მიიღო პასუხი, რომ ეს შეუძლებელია ახლა - "მოდი, ვიმუშაოთ, გამოაგზავნეთ, რა გაქვთ საჭიროებები და ვიმსჯელებთ" - მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის. დეტალები ჩემთვის საინტერესო არ არის“, - აღნიშნა მან.

თეა წულუკიანის თქმით, ფაქტს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. „რაც ჩემთვის ნიშანდობლივი იყო, მე, როგორც ქალი, ამ ასაკში პირველად აღმოვჩნდი ასეთი რაღაცის წინაშე. იმიტომ რომ, მართლა, შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან ქართულ ოჯახში გავიზარდე და ისეთი კაცები იყვნენ ჩემს გარემოცვაში - მამა, ბაბუები, ძმა - რომ წარმოუდგენელი, ასე ვთქვათ, პირობები იყო, ყველა იყო თანასწორი. არ მახსოვს ვიღაცას ეგრძნობინებინოს ჩემთვის (მით უმეტეს, მთიელები არიან ჩემს ოჯახში), რომ მე, როგორც ქალი, ვარ სადღაც. პირიქით. შესაბამისად, ეს [ინციდენტი] იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ მეც კი, მინისტრი ვარ, ვიცე-პრემიერი მქვია (ასე ვიცი), რაღაცას ვმართავ, მგონია და „მსხვერპლის ბრალი იყო" თურმე. მან ეს შეეცადა. ეს არის თავისთავად ნიშანდობლივი, რომ, ვინც არ უნდა იყო, მაინც შენი ბრალი იქნება, შეეცდებიან... ამას ჩვენ არ უნდა შევეგუოთ. მე არ ვეგუები. ჩვენ ვნახავთ ცოტა ხანში, სად იქნება ის და სად ვიქნები მე. მე მუშტი არ მაქვს მოკრივეს ვაჯობო, მაგრამ ქართული კრივი რომ არ დაიღუპება, ამას ვნახავთ“, - თქვა ვიცე-პრემიერმა.

წულუკიანი ამბობს, რომ არავის არ სთხოვს რეაგირებს.

მინისტრმა 17 ივნისს განაცხადა, რომ მოკრივეები, ეროვნული ნაკრები იმსახურებენ უკეთეს ხელმძღვანელობას.

„საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს. ფედერაციას წელს ბიუჯეტიდან მიღებული აქვს დაახლოებით 800 ათასი ლარი და დანარჩენი თანხა, რაც არის დაახლოებით 400 ათას ლარამდე, შეიძლება, ცოტა მეტიც, ზუსტი ციფრები არ მაქვს, ამის ჩარიცხვა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ შეირჩევა ახალი ხელმძღვანელობა. ეს არის სამინისტროს გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი სერიოზული მიზეზები, ეს არ ხდება უმიზეზოდ", - 17 ივნისს „პირველმა არხმა" გამოაქვეყნა თეა წულუკიანის კომენტარი.

კრივის ფედერაციის პრეზიდენტის პასუხი

დავით წიკლაური თეა წულუკიანს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა. ის ამტკიცებს, რომ მინისტრის ნაამბობი სიმართლეს არ შეესაბამება.

„მოვისმინე ქალბატონი თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემს მიმართ.

კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო.

წინა პოსტში დავწერე, კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ სამინისტროში რომ დაგვიბარეს და ჩვენ ყველას გვეგონა, უნდოდათ მოელოცათ ეს გამარჯვება. სინამდვილეში კი, რასაც ჰქვია, გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე, ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, მერე სულ გაგვინულეს.

მოკლედ, მეგობრებო, წინა სტატუსს თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა.

ვინც მე მიცნობს, იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ.

უბრალოდ, ყველაფერი ნათელია, ის ფაქტი, რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე, აი, სწორედ ამ სტატუსით მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი, არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი, შემომითვალეს, რომ ჯობდა, წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ „ჩემს უკან ოჯახი დგას". ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა", - აცხადებს დავით წიკლაური.

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის შურისძიების ობიექტია და ვარაუდობს, რომ ის ბოლო არ იქნება.

„ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს, როგორც არასდროს, ისე ჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას, ყველაფერს იმას, რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი. ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ", - აცხადებს წიკლაური.

წულუკიანმა ამ თემაზე პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფარგლებშიც ილაპარაკა, რასაც დავით წიკლაური სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG