Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის ბრალდების შემდეგ დააკავონ


დავით წიკლაური, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი
დავით წიკლაური, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური არ გამორიცხავს, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მის მიმართ გავრცელებული ბრალდების შემდეგ, დააკავონ. წიკლაურმა "TV პირველს" უთხრა, რომ სივრცეში, სადაც მინისტრთან იკამათა, კამერები იყო და დაფიქსირებული იქნება ის ფაქტები, რაც მედიას "აინტერესებს".

"ის, რაც გვაკადრა და პირადად მაკადრა მე, ამაზე გავეცი საკადრისი პასუხი, რაც ვერ მოითმინა და ფაქტია, რომ ოთხი თვის შემდეგ დაიწყო ამ თემაზე საუბარი... ვინც [სოსო გიორგაძე, მინისტრის მაშინდელი მოადგილე] გამოიწია ჩემკენ, მანაც მიიღო საკადრისი პასუხი... ხელი არ დამირტყამს არავისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე რომ იქ ვინმესთვის ხელი დამერტყა ან მეძალადა, მე გარეთ ვიქნებოდი?" - ამბობს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი.

წიკლაური აღნიშნავს, რომ ამ "გაუგებრობის" შემდეგ მინისტრს შესთავაზა, რომ გადადგებოდა და ახალი არჩევნები ჩატარებულიყო.

"პასუხად მივიღე, თვითონ დაწეროს გაცხადება, გადადგეს, დანარჩენს მე მივხედავ".

სპორტისა და კულტურის მინისტრმა კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ფიზიკური ძალადობის მცდელობაში გუშინ, 28 სექტემბერს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერიდან დაადანაშაულა.

"ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, ეს არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ამას ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენ ქართულ კრივს იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელობაში, ხელს არ გავუშვებთ", - განაცხადა წულუკიანმა.

უფრო ადრე,17 ივნისს მინისტრმა თქვა, რომ მოკრივეები, ეროვნული ნაკრები იმსახურებენ უკეთეს ხელმძღვანელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG