Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა მიწას გართმევენ და სახლს გინგრევენ


„ალკარასი“ (2022, ესპანეთი, რეჟისორი კარლა სიმონი)

ინტერნეტში გამოჩნდა ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალის „ოქროს დათვით“ აღნიშნული „ალკარასი“ - კარლა სიმონის მეორე ფილმი, რომლის ნახვას პირველ რიგში სოციალურად მწვავე კინოს მოყვარულებს ვურჩევ. თუმცა, თუკი გაგიმართლებთ და კარგი ხარისხის ჩანაწერს გადაეყრებით, ანდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაელოდებით (იმედი მაქვს, წლის ამ მნიშვნელოვან ფილმს ფესტივალის ორგანიზატორები პროგრამაში ჩაართავენ), „ალკარასი“ აუცილებლად იმოქმედებს თქვენზე არა მხოლოდ როგორც პუბლიცისტიკა, ამბავი იმაზე, თუ როგორ ეწირება გლობალიზაციას და ტექნოლოგიურ პროგრესს ე.წ. წვრილი ფერმერი, არამედ როგორც კარგი კინო, როგორც მხატვრული ნაწარმოები. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა აღნიშნა, რომ კინოს გადაღება ესპანელი რეჟისორის, ვიქტორ ერისეს „კომშის ხის სინათლემ“ (სხვა სათაურით „მზე კომშის ფოთოლში“) ასწავლა. იმ ფილმში მხატვარი სასოწარკვეთილი ცდილობს დახატოს სინათლის ანარეკლი კომშის ნაყოფზე, ერისე წარმოგვიდგენს შემოქმედებას, როგორც ტანჯვას და სიამოვნებას ერთდროულად, ბუნებასთან ზიარებას, ბუნებასთან შეზრდის პროცესს. „ალკარასი“ არ არის გენიალური ესპანელის დონის ფილმი, მაგრამ ერისეს სკოლის გავლენა აქ აშკარაა. „ალკარასში“ ძალიან ბევრია მზე და „მზის ფერები“. მეტიც, მზე ამ ფილმის თავისებური გმირიცაა.

ბაბუა როხელიოს ოდესღაც მიწის ნაკვეთი აჩუქეს. თუმცა იმხანად არავინ სთხოვდა საბუთების გაფორმებას. დრო გავიდა. ბაბუას ახლა შვილები და შვილიშვილები ჰყავს. მიწაზე კი, სადაც სახლი ააშენეს, ატმის პლანტაციებია გაშენებული. ატმის მოსავალია - რომ აცოცხლებს მრავალშვილიან ოჯახს. ფერმერებს აწუხებთ დაბალი ფასები, რომლებიც სახელმწიფომ ატმის შესყიდვაზე დააწესა. იფიცებიან კიდეც. ამასობაში ინვესტორი ჩნდება. მიწაზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არავის ეკუთვნის, მზის ბატარეები უნდა განათავსონ. თავად ავტორის პოზიცია გამომწვევად აპოლიტიკურია - მძაფრად სოციალური პათოსის მიუხედავად (ტრადიციულად, სწორედ ასეთი ფილმები იმარჯვებენ ბერლინის კინოფესტივალზე), „ალკარასში“ მაინცდამაინც არ კეთდება აქცენტი კონკრეტულ ინვესტორზე, რომელსაც ხალხის ხმა არ ესმის. არც იმდენად პოლიტიკოსებზე, რომლებიც რომ შეიცვალონ და უბრალო ხალხს გვერდში დაუდგნენ, პრობლემა მოიხსნებოდა... არ არის ასე. კონფლიქტს აქ ქმნის მოდერნიზაცია, დრო და ეკოლოგიური კეთილდღეობის ცალმხრივი გაგება, როცა კონკრეტული ადამიანის ბედი არც არავის აინტერესებს, კონკრეტული ადამიანისთვის პროგრესს, უბრალოდ, არ სცალია. ამ მხრივ, „ალკარასი“ ცოტა არ იყოს ქართული კინოს შედევრს, „დიდ მწვანე ველს“ გაგახსენებთ - გლეხიკაცი, რომელსაც საკუთრების განცდა გამძაფრებული აქვს, სწორედ საკუთარი მიწა-წყლიდან უნდა აყარონ. მაგრამ მას სხვა არაფერი აბადია... და რამდენადაც ახალ თაობას თვალი ქალაქისკენ უჭირავს, ყელში აქვს ამოსული სოფელი და ატმის ხეები, დარწმუნებულიაა, რომ მარიხუანის პლანტაციები მეტ მოგებას მოუტანს, უფროსები ხვდებიან, რომ პროგრესი მთლიანად ანგრევს მათ ოჯახს - უმაღლეს ფასეულობას, რომელიც აქამდე სიცოცხლის საზრისს გამოხატავდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ ბავშვების სახეებია - აი, მათ მართლაც ვერავინ აუხსნის, საიდან გაჩნდნენ ამ მიწაზე ვეებერთელა ამწეები და საბარგო მანქანები, რატომ მოუწევთ უახლოეს ხანში სახლის დატოვება. „ალკარასში“ ეს მოქმედებს ყველაზე მეტად - აღარაა დრო ბავშვების ფანტაზიებისთვის, მწარე რეალობა სასტიკად უსწორდება წარმოსახვას და შემოქმედებას.

„ალკარასში“ ძირითადად არაპროფესიონალ მსახიობებს ვხედავთ. თუმცა რეჟისორი არსად ცდილობს ფილმს კვაზიდოკუმენტური იერი მიანიჭოს. უფრო პირიქით, ცოტა არ იყოს ზედმეტადაც ატკბობს გარემოს ფერით, სინათლით და ახლო-საშუალო ხედებზე აგებული სურათოვანი მიზანსცენებით. კარლა სიმონის ოსტატობა ყველაზე უკეთ „კოლექტიური პორტრეტის“ შექმნის პროცესში გამოიხატება. ორსაათიანი ქრონომეტრაჟი მისთვის სრულიად საკმარისია, რათა კატალონიური ოჯახის ყველა წევრის ხასიათი გამოძერწოს და აიძულოს მაყურებელი უთანაგრძნოს ამ ბებიებსა და ბაბუებს, ამ უსაყვარლეს ბავშვებს. რეჟისორი ამბობს, რომ მას და მის ოჯახს პირადად შეეხო ალკარასის ამბავი. ამიტომაც არა აქვს დისტანცია სურათის პერსონაჟებთან. ამიტომაც ახერხებს მაყურებელიც გახადოს საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილი ადამიანების ცხოვრების თანამონაწილე. ამიტომაც სრულიად განსხვავებულად აღიქმება ფილმის პროლოგი და ფინალი. არადა, ორივე, როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით, აბსოლუტურად იდენტურია.

დიდი ფესტივალების, ბერლინის, კანისა და ვენეციის კინოფორუმების ისტორიაში „ალკარასი“ პირველი კატალონიური ფილმია, რომელიც აქ მთავარი პრიზით აღინიშნა. თანაც ფილმი კატალონიურ ენაზე... რაღა დაგიმალოთ, „ბერლინალეს“ ჟიურის ეს გადაწყვეტილება პირადად ჩემთვის მოულოდნელი იყო. წლევანდელი ფესტივალის კონკურსში ბევრად უფრო ძლიერი ნამუშევრები ვნახეთ. არ ვიცი, რამდენად დარჩება სიმონის ფილმი ისტორიაში, მოუტანს თუ არა მოგებას პროდიუსერებს, როცა დიდ ეკრანებზე უჩვენებენ, მაგრამ კითხვა, რომელსაც სვამს „ალკარასის“ რეჟისორი, უამრავ მაყურებელს დააფიქრებს; შეიძლება თუ არა, „ეკოლოგიური სიკეთე“ გადაიქცეს ბოროტებად? ვინ დაიცავს ადამიანს, რომელიც მოდერნიზაციის მსხვერპლი ხდება?

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG