Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ანექსია და ზელენსკის განაცხადი ნატოში - რა ხდება?


ვლადიმირ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი (კოლაჟი)
ვლადიმირ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი (კოლაჟი)

ერთ საათში მას შემდეგ, რაც კრემლში ხელი მოეწერა „ხელშეკრულებებს“ უკრაინის ოლქების შეერთების შესახებ და პუტინმა კიევს წამგებიანი დიალოგი შესთავაზა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით შეყვანის მოთხოვნით. ალიანსში კი განაცხადეს, რომ ამის უფლება უკრაინას აქვს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თქვა, რომ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებენ; ხოლო ახლა, პირველი რიგის ამოცანაა, რომ ალიანსის დახმარებით, უკრაინამ პუტინს გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცეს.

დაჩქარებული განაცხადი დაჩქარებული წევრობისთვის

უკრაინამ ბრძოლის ველზე თუ ურთიერთობების ყველა ასპექტში „უკვე დაამტკიცა ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა“ და ახლა დროა, რომ ალიანსის წევრობა იურიდიულადაც გაფორმდეს, - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში, ვიდრე ნატოში გაწევრების განაცხადს მოაწერს ხელს.

„ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი... პროცედურებით, რომლებიც შეესაბამება ჩვენს მნიშვნელობას მთელი ჩვენი საზოგადოების დაცვის საქმეში, დაჩქარებული წესით ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს. დაჩქარებული წესით ვაწერთ ხელს განაცხადს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ“, - ამბობს ზელენსკი.

მასთან ერთად, დოკუმენტს ხელს აწერენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი და პარლამენტის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი.

რამდენად შესაძლებელია უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრება და აპირებს თუ არა ნატო უკრაინის განაცხადის განხილვას? - 30 სექტემბერს კითხვა ჟურნალისტებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დაუსვეს პრესკონფერენციაზე, სადაც მან მკაფიოდ და ცალსახად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსია.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ, ყირიმის მსგავსად, სწორედ უკრაინის არის დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი - რუსეთის მიერ ახლად ანექსირებული ოლქები, და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების მითვისებას ალიანსი ვერასოდეს შეეგუება.

უკრაინის განაცხადზე სტოლტენბერგს არ უთქვამს, რომ ნაადრევია. მისი პასუხი იყო, რომ „ევროპის ყველა დემოკრატიას აქვს უფლება გააკეთოს განაცხადი ნატოში გაწევრებაზე“, ალიანსის წევრები „პატივს სცემენ ამ უფლებას“, „უკრაინას აქვს ამისი უფლება“ და მსგავს გადაწყვეტილებებს ნატოში კონსენსუსის გზით იღებენ. თუმცა სტოლტენბერგმა ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ნატოს წევრების მთავარი ამოცანაა - „უკრაინის გადაუდებელი დახმარება, დაიცვას თავი რუსეთის ბრუტალური შეჭრისგან“ და დახმარება იქნება ბოლომდე, ვიდრე უკრაინას დასჭირდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნატო არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას ამ ომში.

„ეს, რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებშია, რომ დავეხმაროთ მას თავდაცვაში; მაგრამ ასევე ჩვენი ინტერესია, უზრუნველვყოთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ვერ გაიმარჯვოს... თუ ის გაიმარჯვებს, ეს იქნება მესიჯი, რომ რუსეთის მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებს შეუძლიათ სამხედრო ძალის გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად... ეს მთელ მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე უპასუხა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხესთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც. მან თქვა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება ასეთი ნაბიჯის გადადგმა როგორც უკრაინაში, ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ. მანამდე იყო ვაშინგტონის პოზიცია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს „კატასტროფულ შედეგებს“ მოუტანს.

აქვს თუ არა კიევს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების იმედი?

უკრაინული გამოცემა „უნიანი“ აქვეყნებს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის მიერ უკრაინული არხისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტს, სადაც ის ამბობს, რომ „ნატო არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში“, რადგან „ომი დასრულდება იმაზე ადრე, ვიდრე უკრაინა გაივლის ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პროცედურას“, მაგრამ განაცხადის გაკეთება მნიშვნელოვანია.

პოდოლიაკის თანახმად, ნატოში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება უკავშირდება ორ მიზანს:

  • განისაზღვროს სტრატეგიული ვექტორი;
  • დაჩქარდეს დასავლური იარაღის უკრაინისთვის მიწოდება.
ამ პროცესებს ბოლო დღეებში წინ უსწრებდა გარკვეული მინიშნებები კიევის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ უკრაინელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება იგეგმებოდა. „კარგი ამბავი მალე გახმაურდება“, - დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 30 სექტემბერს ტვიტერზე, თავის ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
რუსეთში ვნებათაღელვას იწვევს ლატვიაში დაწყებული მრავალეროვანი სამხედრო წვრთნა „ვერცხლის ისარი 2022“, ნატოს წევრი 17 სახელმწიფოს მონაწილეობით. თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აცხადებს, რომ „დიდი ხნის დაგეგმილი“ წვრთნების ფარგლებში „გამოიცადა აშშ-ის სარაკეტო სისტემები“ და „მოხდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასაცავად სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირება“.

კიევის პასუხი რუსეთს

30 სექტემბერს, როცა კრემლში, უკრაინის ოთხი ოლქის უკანონო ლიდერებთან გააფორმა „ხელშეკრულებები“ „ახალი ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით“, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კიევს იარაღის დაყრა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაც შესთავაზა.

პუტინის შეთავაზებით, უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დაჯდეს და სამუდამოდ უნდა შეეუგოს, რომ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები არა მისი, არამედ, ამიერიდან, რუსეთის ფერედაციის ნაწილებია.

კიევის პასუხი სამპუნქტიანია:

  • 1. ოკუპანტებმა უნდა დატოვონ უკრაინა - „მშვიდობას დააბრუნებს მხოლოდ უკრაინის გაძლიერება და მთელი მისი ტერიტორიიდან ოკუპანტების გაძევება. ჩვენ ამ გზით წავალთ“;
  • 2. შეუძლებელია მოლაპარაკებები პუტინთან - „უკრაინა იყო და რჩება ლიდერად მოლაპარაკებების ძალისხმევის მხრივ. სწორედ ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს მოლაპარაკებებს თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი თანაარსებობის პირობებით. აშკარაა, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტის პირობებში ეს შეუძლებელია. მან არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ უკვე სხვა პრეზიდენტის პირობებში“;
  • 3. მიღწეული იურიდიულად უნდა გაფორმდეს - „ჩვენ იურიდიულად უნდა დავაფიქსიროთ ყველაფერი, რასაც ფაქტიურად მივაღწიეთ. სწორედ უკრაინაში წყდება დემოკრატიის და ტირანიასთან დაპირისპირების ბედი“.

ასევე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ დავალება მისცა უკრაინის დუმას - მოამზადოს შესაბამისი ნიადაგი რუსეთის აქტივების სრულად ნაციონალიზაციისთვის.

უკანონო ხელმოწერა კრემლში

კრემლში გამართულ ცერემონიაზე, 30 სექტემბერს, ვლადიმირ პუტინმა სცენიდან დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ილაპარაკა; ხოლო შემდეგ, უკრაინის ტერიტორიების მიერთების „ხელშეკრულებებს“ იქვე, მაგიდასთან მარტო მჯდომმა მოაწერა ხელი.

მის მოპირდაპირე მხარეს, სხვა მაგიდასთან, ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ უკრაინის ოთხი ოკუპირებული ოლქის უკანონო ლიდერები, რომლებსაც ერთსაათიანი ცერემონიის მანძილზე არცერთი სიტყვა არ უთქვამთ, თუ არ ჩავთვლით - ბოლო წუთების ერთობლივ შეძახილს: „რუსეთი! რუსეთი! რუსეთი!“.

პროცედურულად ჯერ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის, მაგრამ პუტინი პრობლემებს ვერ ხედავს:
„დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება [რუსეთის პარლამენტი] მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის ოთხი სუბიექტის, წარმოშობასთან დაკავშირებით“, - თქვა მან.

პუტინმა ასევე ილაპარაკა თავისებურად გადაწერილ ისტორიაზეც, რომლის მიხედვითაც, უკრაინის სახელმწიფო გაეროს მიერ დადასტურებულ საზღვრებში უბრალოდ არ არსებობს; უკრაინის მიწები რუსეთის მიწებია და მათი დაბრუნება „მილიონობით ადამიანის ნებაა“.

„ჩვენ მივმართავთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სროლა, ყველა საბრძოლო მოქმედება - ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით. მაგრამ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ხალხის არჩევანს არ განვიხილავთ. ის გაკეთებულია. რუსეთი მას არ უღალატებს“, - თქვა პუტინმა.

ხანგრძლივი გამოსვლის დიდი ნაწილი რუსეთის პრეზიდენტმა „კოლექტიურ დასავლეთთან“ და განსაკუთრებით, აშშ-თან დაპირისპირებას დაუთმო - თაობების ნარკოტიკებით მოწამვლისა თუ ოჯახების სიწმინდის ნგრევის ყბადაღებული მითების თანხლებით. მან თქვა, რომ რუსეთს ახლა არა უკრაინა, არამედ კოლექტიური დასავლეთი ებრძვის, „აშშ-ის ჰეგემონიით“.

დასავლელი პარტნიორების დახმარებით, უკრაინა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს. რუსეთის მიერ საკუთარ ტერიტორიებად გამოცხადებული, ანექსირებული ოლქების დიდ ნაწილზე უკრაინელი სამხედროები იბრძვიან - „ისინი ჩვენი დღესასწაულის ჩაშლას ცდილობენ“, - ასე შეხვდნენ რუსეთში, 30 სექტემბერს, გამთენიისას გავრცელებულ ცნობებს, უკრაინული არმიის მიერ დონეცკის ოლქში დამატებითი ტერიტორიების დაბრუნების შესახებ. ექსპერტები ახლო მომავალში ხარკოვის ოლქის მსგავს „კასკადურ ჩამოშლას“ დონეცკის ოლქშიც ელოდებიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG