30 სექტემბერს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ახალი გამკაცრებული სავიზო ვალდებულებები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ახალი წესები რთულ, ზოგისთვის კი გადაულახავ ბარიერებს ნიშნავს და ხელს შეუშლის ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლას. გამონაკლისს წარმოადგენს ჰუმანიტარული მიზეზები.
გადაწყვეტილება მიღებულია იმის ფონზე, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს მიაწყდა რუსეთის ათასობით მოქალაქე, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას.
ახალი წესების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო გართულდება მოკლევადიანი ვიზების მოპოვება შენგენის ზონისთვის, გამკაცრდება კონტროლი და გაგრძელდება ვიზების გაცემის ვადები.
ახალი წესები ევროპულ სასაზღვრო დაცვას მეტ თავისუფლებას აძლევს საიმისიოდ, რომ შეამოწმონ უკვე გაცემული ვიზები და, საჭიროების შემთხვევაში, გააუქმონ ისინი.
სავიზო რეჟიმის განახლებული წესების ყურადღების ცენტრშია „ჩვენკენ მომართული უსაფრთხოების პრობლემები“ მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ ომს უკრაინაში, რომელსაც ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი, განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის კომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონმა.
„უსაფრთხოების მუქარა რეალურია. ევროკავშირი დაიცავს საკუთარ თავს და საკუთარ მოქალაქეებს,“ თქვა მან.
ევროპის კავშირმა მანამდე უკვე შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის თაობაზე შეთანხმება და შეაჩერა ვიზების გაცემა რუსეთის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებზეც მიიჩნევა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან არიან დაკავშირებული.
ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ უნდა მიიღონ ვიზებზე განაცხადები რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც მოკლე ვადით ან ტრანზიტის მიზნით იმყოფებიან მესამე ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, სერბეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები სხვ. ამ შემთხვევაშიც დაშვებულია გამონაკლისები.
სამოქმედო პრინციპებში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც შენგენის ვიზის მოპოვება სურთ, ეს უნდა გააკეთონ საკუთარ ბინადრობის ქვეყანაში - ჩვეულებრივ, რუსეთში - და არა სხვაგან.
მათ უნდა წარმოადგინონ მოგზაურობის აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განაცხადი ნაკლებად პრიორიტეტულად იქნება მიჩნეული ევროკავშირის საკონსულოების მიერ.
ამავე დროს ევროკავშირი გულდასმით შეისწავლის მათ მიერ წარმოდგენილ საბუთებს იმის თაობაზე, რომ შენგენის ზონას სამთვიან პერიოდზე ადრე დატოვებენ.
მორიგი სიახლეა ის, რომ ევროკავშირი აღარ ცნობს რუსეთში გაცემულ სამგზავრო დაზღვევას.
მაგრამ, როგორც იოჰანსონმა აღნიშნა, არსებობს სხვადასხვა გამონაკლისი ჰუმანიტარული მიზეზების, ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.
მაგალითად, ბინადრობის ქვეყნის გარეთ შეეძლებათ ვიზაზე განაცხადის შეტანა რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, დისიდენტებს, მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მეცნიერებს.
დაწერეთ კომენტარი