შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გასული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მუქარის გზავნილებს იღებდნენ.
შსს-ს ცნობით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუქარის ავტორი ნოდარ ნიშნიანიძეა, ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა. ყაზაიშვილი კი, როგორც მედია წერს, წლებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან არის დაპირისპირებული.
ტელეკომპანიამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საერთაშორისო მასშტაბით ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრება. „ფორმულის“ ინფორმაციით, მუქარისშემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებმა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ.
ამ ჩანაწერის მიხედვით, ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ლადო დვალიშვილს ესაუბრება. ნიშნიანიძე გაბრაზებულია იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, როდესაც საქართველომ მაკედონიას 2:0 მოუგო, ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი და "ულსან ჰიუნდაის" ნახევარმცველი.
მუქარისშემცველ შეტყობინებაში ისმის, ნოდარ ნიშნიანიძე ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, სწორედ ნიშნიაძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ ნათესავი ფეხბურთელის არასამართლიანად დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს.
„ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ამ ამბავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და წერს, რომ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის შესახებ შეიტყვეს, დაუყოვნებლივ აცნობეს შესაბამის ორგანოს. ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან:
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება, შევქმნათ მათთვის შესაბამისი გარემო და ხელი შევუწყოთ ეროვნული ნაკრების წარმატებას. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარეშე ფაქტორებმა ზეგავლენა არ მოახდინოს გუნდის ერთიანობასა და წარმატებაზე," - ნათქვამია განცხადებაში.
„ფორმულის“ ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს ფეისბუკზე ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ნიშნიანიძის საუბრის ჩანაწერი თავად ყველაზე ბოლომ მოისმინა და მისი შინაარსი მისთვის "მძიმე და მიუღებელია".
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კი თქვა, რომ მას მუქარის ეს შეტყობინება პირადად არ მიუღია, თუმცა, მისი სიტყვებით, ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „არავის ჰქონდეს საშუალება, დაძაბულობა და გაუგებრობა შეიტანოს გუნდში, რომელიც ერთიანია“.