Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბირთვული სააგენტო მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ხელმძღვანელი


იჰორ მურაშოვი
იჰორ მურაშოვი

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მიმართა რუსეთს მოწოდებით, გაათავისუფლოს უკრაინის უდიდესი, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის დირექტორი, რომელიც რუსეთის სამხედრო პატრულმა 30 სექტემბერს დააკავა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ 1 ოქტომბერს, მოგვიანებით, მოუწოდა მოსკოვს, გაათავისუფლონ იჰორ მურაშოვი, რომელიც ქალაქ ენერგოდარიდან ელექტროსადგურისკენ მგზავრობის დროს დააკავეს.

უკრაინის „ენერჰოატომი,“ რომელიც ოფიციალურად მართავს ბირთვულ სადგურს, იტყობინებოდა, რომ 30 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე, მურაშოვი, რომელიც სადგურიდან ენერგოდარში, ავტომობილით მგზავრობდა, გააჩერა რუსეთის სამხედრო პატრულმა, მას თვალები აუხვიეს და ძალით წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. განცხადებაში წერია, რომ მურაშოვი, როგორც სადგურის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე. მისი დაკავება საფრთხეს უქმნის ევროპის უდიდესი ბირთვული სადგურის უსაფრთხოებას.

რუსეთის ხელისუფლებამ, 1 ოქტომბერს, სააგენტოს შეკითხვაზე მურაშოვის შესახებ, აცნობა მას, რომ უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელი დაკავებული იყო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ტერიტორიას პერიოდულად ცეცხლს უხსნიან, რომელშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უკრაინას და დასავლეთს სურთ არეალის დემილიტარიზაცია, ანუ რუსეთის ჯარისგან მისი გათავისუფლება, რის შესახებ ბირთვულმა სააგენტომაც მიიღო რეზოლუცია, მაგრამ რუსეთმა ის უარყო. ერთი თვის წინ სადგური მოინახულა სააგენტოს დელეგაციამ, რომლის ორი წევრი ხანგრძლივად დარჩა იქ ვითარების სამეთვალყურეოდ.

XS
SM
MD
LG