Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი ბაქოს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანში გამოძიება მიმდინარეობს


სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში სდებს ბრალს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

სომხეთის მედიის ცნობით, „ტელეგრამის“ არხებით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც, სავარაუდოდ, სამხედროების დახვრეტა უნდა იყოს ასახული. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ვიდეომასალა ადასტურებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს - სომხეთის სამხედროების სასამართლოს დასკვნის გარეშე სიკვდილით დასჯას, ჯარისკაცების, მათ შორის ქალების წამებას.

„სომხეთის რესპუბლიკა ითხოვს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაფიო შეფასებას ამ და ადრე ჩადენილი საშინელი სამხედრო დანაშაულების შესახებ“, – წერია განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, კატეგორიულად დაგმოს ეს სამხედრო დანაშაული და შესაბამის ზომებს მიმართოს ბაქოს აგრესიის შესაჩერებლად. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „სოციალურ ქსელში კიდევ ერთი შემზარავი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აზერბაიჯანელი ჯარისკაცები თვითნებურად სჯიან სომეხი სამხედრო ტყვეების ჯგუფს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. სომხეთი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად.“

გავრცელებულ ვიდეომასალაზე განცხადება გააკეთა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა. „თუ ამ კადრების ავთენტურობა დადასტურდება, მაშინ ეს არის ომის დანაშაული, რომელიც უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – აღნიშნა ტოივო კლაარმა.

ფაქტს გამოეხმაურა აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა. „აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურა სრულად და ამომწურავად იძიებს ამ კატეგორიის ვიდეოების ავთენტურობას, ადგენს დროსა და ადგილს, სადაც ვიდეოა გადაღებული, მათზე გამოსახული სამხედროების ვინაობას, ასევე ყველა სხვა დეტალს, რაც აუცილებელია სიმართლის დადგენისთვის. გამოძიების შედეგების მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ზომა იქნება მიღებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხის განხილვის მთავარი ბენეფიციარი მთიანი ყარაბაღის ხალხი უნდა იყოს. „ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და ყარაბაღის საკითხის განხილვის მთავარი ბენეფიციარი უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის ხალხი მათი არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით“, - თქვა პრემიერმა. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს მოსაზრება, რომ „სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება ყარაბაღის საკითხს უნდა გამოეყოს“.

XS
SM
MD
LG