Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის "ეფესბე" უკრაინასთან ტყვეთა ბოლო გაცვლის წინააღმდეგი იყო


"აზოვსტალის" დამცველების მეთაურები უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროს კირილო ბუდანოვთან ერთად, ვიდეოარხის საშუალებით ესაუბრებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტყვეების გაცვლის შემდეგ. თურქეთი, 2022 წლის 22 სექტემბერი
"აზოვსტალის" დამცველების მეთაურები უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროს კირილო ბუდანოვთან ერთად, ვიდეოარხის საშუალებით ესაუბრებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტყვეების გაცვლის შემდეგ. თურქეთი, 2022 წლის 22 სექტემბერი

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა ბოლო გაცვლის წინააღმდეგი იყო. ამ გაცვლისას მარიუპოლში დატყვევებული უკრაინული "აზოვის" პოლკის მეთაურები გაათავისუფლეს. თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ყურად არ იღო სპეცსამსახურის აზრი და გაცვლა დაამტკიცა.

ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Washington Post-ი, რომელსაც მოჰყავს აშშ-ისა და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირთა სიტყვები, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.

გაზეთი შეგვახსენებს, რომ გაცვლის დროს, 21 სექტემბერს, გათავისუფლდა 215 უკრაინელი და 55 რუსი ტყვე. ასევე გაათავისუფლეს მესამე ქვეყნის 10 მოქალაქე, რომლებიც რუსების მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაატყვევეს, და უმაღლესი რადის დეპუტატი, პუტინის ნათლიმამა, ვიქტორ მედვედჩუკი.

"ფედერალური უშიშროების სამსახური ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო", - მოჰყავს უკრაინის ერთ-ერთი ოფიციალური პირის სიტყვები გამოცემას. მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურს მიაჩნდა, რომ ტყვეების გაცვლა უარყოფითად იქნებოდა აღქმული რუსულ საზოგადოებაში.

სტატიაში საუბარია ასევე ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის როლზე გაცვლის საქმეში. Washington Post-ის ცნობით, ის რამდენიმე თვის განმავლობაში თამაშობდა შუამავლის როლს და მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსთან, ალექსანდრ ბორტნიკოვთან, ისე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან, და ასევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობასთან.

აბრამოვიჩისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მოჰამედ ბინ სალმანის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მთავარ მოტივად ასახელებენ მათ მისწრაფებას, განამტკიცონ თავიანთი პოზიციები დასავლეთში. აბრამოვიჩის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაცვლა რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ კი იმავე დღეს განხორციელდა, როცა ვლადიმირ პუტინმა რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადა.

უკრაინასთან ომის მხარდამჭერთა შორის ბევრმა რუსმა კომენტატორმა ეს უკიდურესად უარყოფითად მიიღო. კერძოდ, გააკრიტიკა აზოველებზე მედვედჩუკის გაცვლა, რომელიც უკრაინაში აპრილის შემდეგ იმყოფებოდა ტყვეობაში.

Washington Post-ის ერთ-ერთი წყარო სახელმწიფო დეპარტამენტში ამტკიცებს, რომ მედვედჩუკი იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ პუტინმა დაამტკიცა გადაწყვეტილება გაცვლის შესახებ.

XS
SM
MD
LG