Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციების ფონზე ირანში დააკავეს ქალთა უფლებების ცნობილი დამცველი


ბაჰარე ჰედაიათი, ქალთა უფლებების ირანელი დამცველი
ბაჰარე ჰედაიათი, ქალთა უფლებების ირანელი დამცველი

3 ოქტომბერს, დილით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, თეირანში დააკავეს სტუდენტური მოძრაობის და ქალთა უფლებების დაცვის ცნობილი აქტივისტი ბაჰარე ჰედაიათი, იუწყება ბიბისი.

მაჰსა ამინი გარდაიცვალა 16 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მორალის პოლიციის პატიმრობაში, როგორც იუწყებიან ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო.

ჰედაიათი ყოფილი პოლიტპატიმარია, ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 2 ოქტომბერს დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ჰოსეინ მასუმი, რომლის ოჯახმაც არაფერი იცის მისი ადგილსამყოფლის შესახებ.

ირანში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრების პროცესი.

სტუდენტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ადგილობრივი მედიის ცნობით, 3 ოქტომბერს აუდიტორიებში სწავლა შეწყდა ირანის შარიფის უნივერსიტეტში, რომელიც უმაღლესი განათლების წამყვანი ინსტიტუციაა და ტრადიციულად ასრულებდა წინააღმდეგობისა და ამბოხების ერთგვარი ცენტრის ფუნქციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG