Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაფის წინ დაჩოქებული მეოთხეკლასელები - დაისჯება თუ არა საკრებულოს წევრი მასწავლებელი ძალადობისთვის?


დაფასთან დაჩოქებული ბავშვები კირიხლოს სკოლაში და რახმან მუსაევი;
დაფასთან დაჩოქებული ბავშვები კირიხლოს სკოლაში და რახმან მუსაევი;

მარნეულის სოფელ კირიხლოს სკოლის ქართული ენის  მასწავლებელმა, რახმან მუსაევმა მეოთხეკლასელი ბავშვები დასაჯა და  საკლასო ოთახში, დაფასთან მუხლებზე დააყენა. ამბის გახმაურების შემდეგ მასწავლებელმა განცხადება დაწერა და სამსახურიდან წავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება დაიწყო იძულების ფაქტზე. 

მომხდარს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.

იძულება სისხლის სამართლის დანაშაულია და მისი დამტკიცების შემთხვევაში მასწავლებელს ორწლიანი გამასწორებელი სამუშაო ან 18 თვემდე პატიმრობა ემუქრება. რახმან მუსაევმა, რომელიც ამავე დროს მარნეულის საკრებულოს წევრიც იყო, საკანონმდებლო ორგანოც დატოვა. საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ მას დეპუტატის უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუჩერეს.

რა მოხდა სოფელ კირიხლოს სკოლაში

2 ოქტომბერს რეგიონულმა ინტერნეტმედია ACTUAL.GE-მ გაავრცელა საკლასო ოთახში გადაღებული დაჩოქილი ბავშვების ფოტო - გამოცემა წერდა რომ მასწავლებელმა 12 მეოთხეკლასელი დასაჯა - დაფის წინ მუხლებზე დააყენა და ისე ჩაუტარა გაკვეთილი. გავრცელებული ფოტოც სავარაუდოდ თვითონ მასწავლებელმა გადაიღო და ახლობლებს გაუგზავნა.

რადიო თავისუფლება შეეცადა რახმან მუსაევთან დაკავშირებას. კაცმა, რომელმაც მის მობილურ ტელეფონს უპასუხა, თქვა, რომ რახმანი სახლში არ იმყოფებოდა და ტელეფონზეც ვერ დაგველაპარაკებოდა.

მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხანალ გახრამანოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მან ამ ამბის შესახებ პარასკევს, 30 ოქტომბერს გაიგო. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა არ იცის რომელ დღეს და კონკრეტულად რისთვის დასაჯა მასწავლებლებმა ბავშვები. ხანალ გახრამოვი ამბობს, რომ არც მანამდე სმენია რაიმე იმის შესახებ ასეთი ფორმით დასჯა მიღებული მეთოდი იყო თუ არა კირიხლოს სკოლაში.

დღეს მარნეულის რესურსცენტრი განიხილავს სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხსაც. მეხმან მუსაევი, რომელიც წლებია კირიხლოს სკოლას მართავს, ქართული ენის ყოფილი მასწავლებლის რახმან მუსაევის ბიძაა.

“ჩვენთვის, ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედება, ანალოგიურად სკოლის დირექციისთვისაც” - გვითხრეს მარნეულის რესურსცენტრში.

“რახმანი, ჩვენი დეპუტატი კარგი მასწავლებელია, იმას ამბობს, რაც საჭიროა. ჩემი შვილიშვილიც მის კლასშია. კარგად ასწავლის. ცდილობს ბავშვებს კარგად ასწავლოს ქართულში. ეს სპეციალურად გააკეთა, მშობლებისთვის რომ ეჩვენებინა, რომ მათმა შვილებმა კარგად ისწავლონ. ეს დასჯა არ იყო” - ამბობს შუა ხნის კაცი, რომელსაც “ფორმულას” ჟურნალისტი რესურსცენტრის ეზოში ესაუბრება.

“კარგი მასწავლებელია, კარგი დეპუტატი. აქ მთელი სოფელი შეიკრიბება და მოვითხოვთ, რომ მუშაობა გააგრძელოს”- უხსნის ჟურნალისტს კიდევ ერთი ადგილობრივი.

მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ რახმან მუსაევის დასაცავად გამოსული ადამიანები მის მხარდასაჭერ განცხადებებს იძულებით აკეთებენ.

“მშობლებს აიძულებენ და როგორც ჩანს ემუქრებიან, გუშინ არაერთ ადამიანთან ვისაუბრე ვინც იმ სოფელში ცხოვრობს, ამ სკოლის დირექტორზე და მასწავლებელზე ბევრი სასტიკი ქმედებებზე მითხრა. მშობლები იძულებულნი არიან გამოვიდნენ ქუჩაში. თუ არ გამოვლენ, მათ შვილს სკოლაში შეექმნება პრობლემა, მათი შვილი ქუჩაში ბულინგის მსხვერპლი გახდება, თვითონ მშობლებს კი ქორწილებში აღარ დაპატიჟებენ და სამძიმრებზე აღარ მიუშვებენ” - წერს სამირა ბაირამოვა ფეისბუკზე.

განათლების სამინისტრო მომხდარს არ გამოხმაურებია - უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამგვარ შემთხვევებზე სკოლების დისციპლინური კომიტეტი მსჯელობს ხოლმე, მაგრამ ვინაიდან მასწავლებელმა თავად დაწერა განცხადება სკოლიდან წასვლაზე, სამსჯელოც არაფერია. შესაძლო დანაშაულს კი პოლიცია გამოიძიებს.

ვინ არის რახმან მუსაევი

რახმან მუსაევი,კირიხლოს სკოლაში 2005 წლიდან ასწავლის, 2021 წელს მმართველი პარტიის სიით ის მარნეულის საკრებულოს დეპუტატიც გახდა. მარნეულის საკრებულოს ვებ-საიტის მიხედვით, მას დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფეისბუკის პირად გვერდზე კი უწერია, რომ სწავლობდა პოლიციის აკადემიაშიც.

საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ მუსაევი არის 2005 წელს დაარსებული ორგანიზაციის, მეცნიერ მკვლეველთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

მიუთითებს თუ არა კირიხლოს სკოლის ინციდენტი სისტემურ პრობლემაზე

განათლების სპეციალისტები და აქტივისტები კირიხლოს სკოლის ინციდენტის გახმაურების შემდეგ ერთი მხრივ სკოლების დეპოლიტიზაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, მეორე მხრივ კი ძალადობაზე, რომელიც განათლების სისტემისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა რახმან მუსაევის მაგალითზე წერს, რომ ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლები სკოლაში პოლიტიკური ნიშნით ხვდებიან და არა კვალიფიკაციით. ის ამბობს, რომ რახმან მუსაევმა, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა დროს ქართულის გარდა ისტორიას და სამოქალაქო განათლებასაც ასწავლიდა, “ არ იცის ქართული ენა”.

“მერე ამბობენ რატომ არ იცით ქართული ენა? ვინ გვასწავლის და [იმიტომ] არ ვიცით” - ამბობს სამირა.

“განსაკუთრებით ბოლო დროს უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები ცდილობენ მასწავლებელთა გამოცდების ჩაბარების გზით შეაღწიონ სკოლებში, თუმცა სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყება, უმცირესობების რეგიონებში, დაკავშირებულია პოლიტიკურ და კერძო პირების ფინანსურ ინტერესებთან” - ასე გამოეხმაურა პლატფორმა “სალამი” კირიხლოს სკოლაში მომხდარ ფაქტს. ამ მოძრაობის წევრები თვლიან, რომ ეს შემთხვევა არა ერთი მასწავლებლის და ერთი სკოლის პრობლემა, არამედ განათლების არასწორი პოლიტიკის შედეგია და ითხოვენ, რომ მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების პარალელურად დაისვას კითხვები სისტემის მუშაობის შესახებაც.

სკოლაში 12 ბავშვის დაჩოქებაზე არც ერთ სახელმწიფო უწყებას - განათლების სამინისტროს, მარნეულის საკრებულოს, მარნეულის განათლების რესურსცენტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია პროაქტიულად არ გაუვრცელებია და არც საჯაროდ შეუფასებიათ რატომ არის მიუღებელი სკოლაში ძალადობრივი პრაქტიკების სასწავლო პროცესის ნაწილად გამოყენება.

რახმან მუსაევი ერთადერთი საკრებულოს წევრი არ არის მარნეულში, რომელიც პოლიტიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ერთმანეთს უთავსებდა:

საჯარო სამსახურისა და პედაგოგიური საქმიანობის შეთავსება კანონით აკრძალული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG